ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში

10 ივლისი, 2020 • 3974
ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში

„შრომის რეფორმა საფრთხეშია“ – აცხადებენ შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ თანახმად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და ლობისტები ცდილობენ, პარლამენტში განსახილველად დარეგისტრირებულ რეფორმას მნიშვნელოვანი ასპექტები ჩამოაშორონ.

კანონპროექტების რიგი ასპექტების მიმართ, გავლენიანი „ბიზნესასოციაციისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ავტორი, დამოუკიდებელი პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ რეფორმის ძირითადი საყრდენის — შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების — დათმობას არ აპირებს.

როგორი იყო შრომის რეფორმა თავდაპირველად ინიცირებისას და როდის და როგორი სახით შეიძლება გავიდეს პლენარულ სესიებზე? ვინ, რას და რატომ ეწინააღმდეგება რეფორმაში? რას შეცვლის რეფორმა მშრომელებისათვის? დაუჭერენ თუ არა მას მხარს მსხვილი ოპოზიციური პარტიები?

მოკლედ რეფორმაზე

რეფორმა, რომელზე მუშაობაც დამოუკიდებელმა პარლამენტარმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჯერ კიდევ „ქართულ ონცებაში“ ყოფნისას დაიწყო, შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტურ გადახედვას ითვალისწინებს. საბოლოოდ, კანონპროექტთა პაკეტი 2020 წლის 27 აპრილს წარედგინა პარლამენტს.

კანონპროექტის ინიციატორები, დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, „ოცნების“ ყოფილი და ახლანდელი დეპუტატებიც არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, ირაკლი კობახიძე და რატი იონათამიშვილი.

პროექტით ცვლილებები შედის 14 კანონში, მათ შორის, შრომის კოდექსში, შრომის უსაფრთხოების, პროფკავშირების კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებში.

შესაბამისად, ცვლილებები არაერთ საკითხს შეეხებ(ოდ)ა, —

  • დაწყებული მშრომელთა ანტიდისკრიმინაციული დაცვის მექანიზმების შემოღებით [ჩნდება დისკრიმინაციის ნიშნების გაფართოებული სია] და დეკრეტული შვებულების უფლებით არამხოლოდ დედებისთვის;
  • გაგრძელებული ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვრის დაწესებით [40 საათზე მეტი ხნით მუშაობა აუცილებლად ზეგანაკვეთურად უნდა ჩაითვალოს და აღარ უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამუშაოების ისეთი ჩამონათვალი, რაც ფაქტობრივად ნორმად საზღვრავდა 48 საათით მუშაობას ზეგანაკვეთურის ანაზღაურების გარეშე],
  • ასევე, მინიმალური ხელფასის დაწესებაზე მთავრობის მუშაობის დაწყების ვალდებულებით,
  • დამთავრებული სოლიდარული გაფიცვის უფლებით;

თუმცა რეფორმის ფუნდამენტს შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერება წარმოადგენს: ცვლილებათა პაკეტით, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ცალკე სსიპ-ად გამოეყოფა შრომის ინსპექცია, რომელიც ახლა მხოლოდ დეპარტამენტია სამინისტროში; იქმნება ცალკე კანონი შრომის ინსპექციის შესახებ, რაც აფართოებს განახლებული უწყების უფლებამოსილებასა და მანდატს, რაც მის ინსტიტუციური გაძლიერებას ნიშნავს.

„შანსი ახალი მემკვიდრეობის შესაქმნელად“

შრომის რეფორმას — ცალკეული სადავო საკითხების მიუხედავად, მის ძირითად ნაწილს — ჰქონდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის (EMC, საია, მწვანე ალტერნატივა, ღია საზოგადოების ფონდი), ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მხარდაჭერა.

„პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, შექმნას შრომითი უფლებების დაცვის ახალი მემკვიდრეობა და გამოასწოროს წარსულის შეცდომები“, – აცხადებდა HRW. რეფორმას ადგილობრივი ორგანიზაციებიც ჯამში, დადებითად აფასებდნენ.

რეფორმის მხარდამჭერი კომენტარები გაკეთებული აქვთ ევროპარლამენტარებსაც. მაგალითად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე წერდა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ქვეყანა შრომის კანომდებლობის გადასინჯვას გეგმავს;

საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიკსერი კი აღნიშნავდა, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილებები შრომით კანომდებლობაში და ამ პროცესის დაწყებას ევროკავშირი მიესალმება.

ამასთან, კანონპროექტის ავტორისა და მხარდამჭერების თანახმად, ცვლილებათა ეს პაკეტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ნაწილია და „მისი მიღება აუცილებელია მშრომელთა ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად“.

ვინ ეწინააღმდეგება კანონპროექტს?

რეფორმაში ორი ძირითადი საკითხი იყო, რასაც პროფკავშირები და შრომის უფლებებზე სხვა მომუშავე ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ: განაცდურის ანაზღაურების ჭერის შემოღება და ტოლფას სამსახურში აღდგენის შესაძლებლობის შესაძლო ამოღება. სხვა მხრივ რეფორმას მშრომელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის გაძლიერების კუთხით ისინი დადებითად აფასებდნენ.

რას ნიშნავს ეს?

როგორც EMC-ის იურისტი გიორგი ლანჩავა განმარტავს, კანონმდებლობით ამჟამად შემდეგი პროცედურაა დადგენილი:

როცა გიშვებენ სამსახურიდან უკანონოდ, მიდიხარ სასამართლოში და ასაჩივრებ. თუკი დადგინდა, რომ არაკანონიერად გაგათავისუფლეს, გეკუთვნის განაცდური, რასაც მიიღებდი, რომ გემუშავა. იმდენი ხანი, რამდენიც სასამართლოს დასჭირდა იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომ არასწორად გაგათავისუფლეს.

ახლა კი შემოდის „განაცდურის ანაზღაურების ჭერი“ — რომ თუკი ამ პერიოდში გქონდა სხვა სამსახური და იქიდან იღებდი შემოსავალს, ამ გარემოებას გაითვალისწინებს სასამართლო და შენს მიერ მისაღებ თანხას გამოაკლებს იმ თანხას, რასაც ამ სხვა სამსახურში იღებდი, ესე იგი, მხოლოდ სხვაობას მოგანიჭებს; ხოლო თუ ახალ სამსახურში ანაზღაურება ტოლფასი ან მეტი იქნა, არაფერს მოგცემს“.

კანონპროექტთა პაკეტის საკომიტეტო განხილვები ივნისში დაიწყო. 30 ივნისს, როდესაც კანონპროექტი წამყვან, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე განიხილებოდა პირველი მოსმენით, მას კენჭი არ უყარეს.

კომიტეტზე გადაწყდა, რომ კანონპროექტის განხილვა [შესაბამისად, კენჭისყრა] მეორე დღეს, პირველ ივლისს გაგრძელდებოდა, თუმცა მას შემდეგ პროცესი არ გაგრძელებულა.

კანონპროექტს ჯერ კიდევ ინიცირებამდელი პერიოდიდან ეწინააღმდეგება საქართველოს ბიზნესასოციაცია, რომელიც ძირითადად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ბიზნესასოციაციის ინტერპრეტაციით, კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გაართულებს ვითარებას შრომით ბაზარზე, რომელიც კორონავირუსული პანდემიის გამო ისედაც დაზარალდა:

„შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოება გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირების მორიგ ტალღას, სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო ზრდას“, – განაცხადა 17 ივნისს ორგანიზაციამ.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განაცხადა, მათი გამოანგარიშებით, ზეგანაკვეთური შრომის 125%-იანი განაკვეთით ანაზღაურება მხოლოდ სამ ინდუსტრიას დამატებით 240 მლნ ლარი დაუჯდება.

შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ის არგუმენტი და კალკულაცია, რომლის თანახმადაც ბიზნესი ზეგანაკვეთურის ანაზღაურებით 240 მლნ ლარს კარგავს, — თუკი ზუსტია, — მშრომელთა ექსპლუატაციის პრაქტიკას ამხელს.

ამასთან, მისი თქმით, ეს თანხა, რაც რეალურად მშრომელებს ეკუთვნით, დასაქმებულებისთვის გადახდის შემთხვევაში, არ დააკლდება ქვეყნის ეკონომიკას, როგორც ამას ოპონენტები ამბობენ, რადგან „ეს 240 მილიონი ლარი არსად ქრება, ეს თანხა მიდის დასაქმებულების, ხალხის ხელში და კვლავ დატრიალდება ეკონომიკაში“…

ბიზნესასოციაციასთან ერთად, კანონპროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი და ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით 7 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ, დასაქმებულების ინტერესები დავიცვათ, მაგრამ ყველაზე კარგი დაცვა არის სამუშაო ადგილების შექმნა… ვინ ქმნის სამუშაო ადგილებს?… ყველა ბიზნესი ერთად არის ქვეყნის ეკონომიკა… მეც ბიზნესასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ჩვენი ეკონომიკის ნახევარი გაერთიანებულია ბიზნესასოციაციაში. რა უფლებით არ ითვალისიწნებთ ეკონომიკის მშენებლების აზრს?“ – განაცხადა მან ერთ-ერთ კომიტეტზე და კანონპროექტს „აბსოლუტურად მავნებლური“ უწოდა.

რეფორმაზე აზრი ჰკითხეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რომელმაც თქვა, რომ „ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რათა შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს“.

გახარიამ, რომელიც წარსულში ბიზნეს-ომბუდსმენად მუშაობდა, 18 ივნისს განაცხადა:„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა“.

„რეფორმა საფრთხეშია“

მწვავე განხილვების, მსგავსი წინააღმდეგობისა და იმის ფონზე, რომ ჯანდაცვის კომიტეტს კენჭი არ უყრია პროექტისთვის, შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა 3 ივლისს გაავრცელეს საგანგებო განცხადება, სადაც გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ „შრომის რეფორმა საფრთხეშია“.

ზუსტად ასე ჰქვია წერილს, რომლითაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და მწვანე ალტერნატივა მიმართავენ საერთაშორისო აქტორებს:

  • ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს;
  • ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს;
  • ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უფროს მრჩეველს, ვლადიმერ შკოლნიკოვს;
  • საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს;
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსის ტექნიკურ მრჩეველს, კინან ბანასის.

ისინი ამ წერილით „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავენ რეფორმიდან ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო და კიდევ ერთხელ წერენ, რომ „რეფორმა ასობით ათასი მშრომელის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს, მისმა ჩაგდებამ კი შესაძლოა საქართველოში მშრომელთა ფუნდამენტური უფლებებისთვისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიმე წლით უკან დახიოს“.

რა ხდება ახლა?

როდის გავა კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტში კენჭისყრაზე? შევა თუ არა მასში რაიმე ცვლილებები მთავრობის, პარლამენტარების ნაწილისა და ბიზნესასოციაციის წინააღმდეგობის შემდეგ?

კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ჩანიშნულია ორშაბათს, 13 ივლისს, რის შემდეგაც, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა რეფორმა კომიტეტის მხარდაჭერას, ის ბიუროზე მოხვდება და შემდეგ პლენალურ სესიაზე უყრიან კენჭს.

ჩვეულებრივ, კომიტეტის პირველ მოსმენაზე კანონპროექტში ცვლილებებს არ ასახავენ ხოლმე და, როგორც ცქიტიშვილი გვეუბნება, განახლებულ პაკეტს უკვე პლენარულ სესიას წარუდგენს. ახალი ვერსია ჯერ არც პარლამენტის საიტზეა ატვირთული.

პლენარულ სესიაზე რეფორმა გარკვეული ცვლილებებით გავა, თუმცა, როგორც ავტორი გვეუბნება, ძირითადი საყრდენის — შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდის — დათმობას არ აპირებს.

რა შეიძლება ამოიღონ რეფორმიდან

„მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ, [კანონპროექტიდან] მინიმალურ ხელფასზე ჩანაწერი ამოვა“, – უთხრა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“. მისი თქმით, ეს პრინციპული საკითხი არ იყო და მასთან მობრუნება მომავალშიც შეიძლება.

ამ ჩანაწერით, არ შეიძლებოდა, რომ შრომის ანაზღაურების ოდენობა მინიმალურ ხელფასზე ნაკლები ყოფილიყო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლანდელი შრომის კოდექსი ამ ოდენობას არ განსაზღვრავს [1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარია], რეფორმა საქართველოს მთავრობას ავალდებულებდა, რომ 2022 წლამდე მოემზადებინა და პარლამენტისთვის წარედგინა მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მექანიზმი, მოქმედების ფარგლები და ამის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო.

შრომა შრომის ინსპექცია დასაქმებულები მუშაობა სტენსილი

სტენსილი თბილისში ქმედითი შრომის ინსპექციის მოთხოვნით. ფოტო: ლუკა პერტაია/„ნეტგაზეთი“

სავარაუდოდ, ამოღებული იქნება სოლიდარული გაფიცვის შესახებ ჩანაწერიც, რაც სოლიდარულად გაფიცული დასაქმებულის ამ ნაბიჯს კანონიერად მიიჩნევდა. ოპონენტების პოზიციით, ეს გაფიცვების ხელოვნურ სტიმულირებას გამოიწვევდა. ამის საპირწონედ, მარტივდება პროფესიული კავშირების შექმნა — 50-ის ნაცვლად, პროფკავშირის დაფუძნება, სულ მცირე, 25 ადამიანს შეეძლება.

ამასთან, ზეგანაკვეთური მუშაობის ერთიანი ზედა ზღვარი მაინც არ დაწესდება, რაც ცქიტიშვილმა თვითონ დასაქმებულების მხრიდან წინააღმდეგობით ახსნა, — რომ ეს „ძალიან მძიმე დარტყმა იქნება მათთვის, პირველ რიგში“.

თუმცა, როგორც ცქიტიშვილმა 9 ივლისს გვითხრა, დადგინდება სპეციფიკური სამუშაოების ახალი, უფრო ობიექტური ჩამონათვალი, უფრო ვიწრო სია. ეს ის სპეციფიკური სამუშაოებია, სადაც კვირაში 48 საათით მუშაობა ნორმადაა განსაზღვრული.

როგორც EMC-ის მკვლევარი, გიორგი ლანჩავა „ნეტგაზეთს“ ეუბნება, თუკი კანონპროექტის ახალ ვერსიაში ასევე არ იქნება ჩანაწერი ზეგანაკვეთური სამუშაოს 125%-ით ანაზღაურების შესახებ, — მინიმალურ ხელფასზე ჩანაწერის გარეშე, — არც ეს შეიძლება, რომ ამ ეტაპზე მშრომელთათვის ვითარების გაუარესებად შეფასდეს:

„პრაქტიკაში ამ შრომის 125%-ით ანაზღაურება, შესაძლოა, მოხდეს შრომის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე. ანუ დასაქმებულებს დაუწიონ ხელფასი და ზეგანაკვეთური შემდეგ ამით ანაზღაურდეს. ეს შესაძლოა, ასე მოხდეს, თუ მინიმალური ხელფასი არ მოჰყვება ამას კომპლექტში“…

„ფუნდამენტი უცვლელია“

ამ შესაძლო ცვლილებების მიუხედავად, რეფორმის საყრდენი — შრომის ინსპექციის მანდატის ზრდა — უცვლელი რჩება. „ინსპექციაზე რომ შევცვალოთ რამე, გამოდის, რომ ტყუილად ვაკეთეთ, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაკეთეთ. ინსპექციის გარეშე აზრი არ აქვს ამ კანონს“, – გვითხრა კანონპროექტის ავტორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ის ხაზს უსვამს, — და მხარდამჭერებიც ეთანხმებიან, — რომ კომპრომისების მიუხედავად, კანონპროექტი მშრომელთა მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„შრომის ინსპექციის მანდატის ზრდა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი“, — გვეუბნება გიორგი ლანჩავა, EMC-ის იურისტი.

„იმიტომ, რომ რეალურად რაღაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, რომ აკონტროლოს კერძო პირებს შორის შრომითი ურთიერთობები, — რამდენად არის ეს კანონთან შესაბამისი და რამდენად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს დამსაქმებელი. ამ კუთხით შრომის ინსპექციის მანდატის შემოტანა და გაზრდა, — რომ ხედავდეს ამ ურთიერთობებს ყველა სფეროში და არა მხოლოდ რამდენიმეში, — ამოწმებდეს და ამონიტორინგებდეს ამ ურთიერთობებს, არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – ამბობს ის.

აქცია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით. 27.07.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

„დღეს რაღაც უფლებები მაინც გვაქვს შრომის კანონმდებლობაში, რაც აშკარად ირღვევა და მაგას მაინც რომ დაეხმაროს შრომის ინსპექცია, ცალსახად უკეთეს ვითარებას მივიღებთ. მაგალითად ის, რომ 40 და ცალკეულ შემთხვევებში 48-საათიანი სამუშაო კვირა ნამდვილად იყოს; რომ ადამიანი სარგებლობდეს დასვენების უფლებით; რომ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს ყველაფერი დაკისრებული; შრომის უსაფრთხოების საკითხების გარდა, შრომის ამ ბაზისურ უფლებებს მაინც თუ შეამოწმებს შრომის ინსპექცია, ცალსახად იმაზე უკეთეს მდგომარეობას მივიღებთ, ვიდრე ახლა გვაქვს“, – ამბობს იურისტი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

როგორც გიორგი ლანჩავა ამბობს, რეფორმის საყრდენის შენარჩუნება და მიღება პარლამენტში მაინც იქნება ინსპექციის ინსიტუციური გაძლიერება, რასაც მომავალში, წლების განმავლობაში, შეიძლება დაემატოს სხვა საკითხები.

რას იზამს პარლამენტი?

„შრომის ინსპექციის მანდატის საკითხი ამ რეფორმის ფუნდამენტია და მის გარეშე რეფორმას აზრი გამოეცლება… ვფიქრობ, რომ ახლა უკვე გადაწყვეტილებები არის მისაღები მმართველი გუნდის მიერ – ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ, რა ფორმით და როგორ აპირებენ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს“, – დაწერა დიმიტრი ცქიტიშვილმა 9 ივლისს. „იმედი მაქვს, რომ [პარლამენტარები რეფორმას] დაუჭერენ მხარს და [პლენარულ] სესიაზეც გავა ორშაბათ-სამშაბათს (13-14 ივლისს)“, – გვითხრა მან მოგვიანებით.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარის პირველ მოადგილეს, პარლამენტარ ლადო კახაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც „საქმე არ გაფუჭდება“. კითხვაზე, პირადად მხარს დაუჭერს თუ არა რეფორმას, თქვა, რომ მეორე მხარის პოზიციებს ბოლომდე არ იცნობს, თუმცა მხარს უჭერს შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებას:

„100 ადამიანით მაინც უნდა იყოს დაკომპლექტებული შრომის ინსპექცია. 80 ინსპექტორი არის რეკომენდაცია, მაგრამ 100 უკეთესი იქნება, რადგან ყოველ 20 ათას დასაქმებულზე უნდა იყოს ერთი ასეთი მეთვალყურე, რომელსაც აქვს გაზრდილი შესაძლებლობები“, – გვითხრა მან.

ენმ და „ევსაქები“ რეფორმას მხარს არ უჭერენ

ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რეფორმას მხარს არ დაუჭერენ.

„ევროპული საქართველოს“ პრესსსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პარტია არ უჭერს მხარს ინიცირებულ ცვლილებებს, თუმცა არგუმენტები არ დაუზუსტებიათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ იმის მიუხედავად, რომ პროექტში „ბევრი კარგი რამ არის, — მაგალითად, დეკრეტული შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება და ა.შ. — არის ძალიან ცუდი რამ — ის, რომ შრომის ინსპექციას ეძლევა განუსაზღვრელი უფლებები“; შესაბამისად, რეფორმის ცენტრალურ საკითხს ენმ უარყოფითად აფასებს.

„მთავარი აქ ის არის, რომ დღემდე არსებული კანონმდებლობითაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი. დღეს მართლაც მონათმფლობელებივით ექცევიან დაქირავებულ ადამიანებს, ფაქტობრივად, ყველა მუშაობს ზეგანაკვეთურად და ა.შ., მაგრამ როგორც ამ, ასევე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კანონების გამტკიცებამ რეალობა არ შეცვალა. ჯერ არსებულის ფარგლებშიაც კი არაფერი კეთდება. ეს ნიშნავს, რომ გამოსავალი არის არსებული კანონისა და მისი აღსრულების მექანიზმების შექმნაში, ვიდრე დამატებითი ფუნქციების აღჭურვაში“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ რომან გოცირიძემ.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, თუკი ახლა აღსრულების პრობლემა დგას, სამომავლოდ, როდესაც ქვეყანას, პირობითად, უკეთესი აღმასრულებელი ხელისუფლება შეიძლება ჰყავდეს, რატომ იქნება ცუდი, უკეთესი პირობები შეიქმნას, მან გვიპასუხა:

„ზედამხედველს არ უნდა ჰქონდეს ისეთი უფლება, რაც საბოლოო ჯამში, გამოიღებს უკუშედეგს და დააზიანებს თავისთავად როგორც დამქირავებელს, ისე დაქირავებულს“…

იმ ტრადიციულ არგუმენტს, რომლის თანახმადაც დამაზუსტებელი რეგულაციები შრომის კანონმდებლობაში საჭირო არ არის, დიმიტრი ცქიტიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ასე პასუხობს:

„არსებული ნორმები კი იყო მკაფიო და გასაგები, თუმცა მე შემიძლია, რომ ნორმა დავადგინო, — მაგალითად, 40-საათიანი სამუშაო კვირა, — მაგრამ არაფრით განვამტკიცო ეს. ანუ არც აღრიცხვის ვალდებულება გაგიჩინოთ, არც ხელშეკრულებაში იყოს და ეს ზეპირად ითქვას და, რაც მთავარია, არც ამის მონიტორინგის მექანიზმი არსებობდეს“.

დიმიტრი ცქიტიშვილის თანახმად, „თუ ეს ორაზროვნება იქნება, აღსრულების მექანიზმი თუ არ იქნება, არანაირი კანონი არ იმუშავებს“.

„ეს კანონი სულ რომ „ევროპულ სტანდარტზე“ გადავიყვანოთ, თუ ინსპექციის კანონი არ დაერთო, თუ შრომის ინსპექცია იქნა სუსტი, მაშინ ეს კანონიც არ იქნება აღსრულებადი. აქამდე [კანონი] იმიტომ არ მუშაობდა, რომ ორაზროვნება იყო, ბუნდოვანება იყო და ინსპექცია არ იყო, ახლა კი იმუშავებს, რადგან ორაზროვნებები არ არის, ყველაფერი უფრო მკაფიო და გასაგებია და, რაც მთავარია, შრომის ინსპექცია იქნება“.

„მარტივია: იქნება ინსპექცია, აღსრულდება კანონი, არ იქნება ინსპექცია, არ აღრსულდება“, – გვეუბნება ის. „შრომის ინსპექციას, ასე თუ ისე, მანდატი როდესაც მიეცა, კომპანიებმა დაიწყეს [მანკიერი პრაქტიკის] გამოსწორება. რა თქმა უნდა, ფუნდამენტური რევოლუცია არ მომხდარა დარგში, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების დაღუპვის რაოდენობა შემცირდა, კომპანიებმა დაიწყეს სტანდარტის დანერგვა. როდესაც კანონს აღსრულების სტრუქტურა მოჰყვება, ის მუშაობას იწყებს“, – ამბობს იგი.


პლენარულ სესიაზე გასვლის შემთხვევაში კანონპროექტის/რეფორმის გასვლას 150-დან, სულ მცირე, 76 პარლამენტარის მხარდაჭერა მაინც დასჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი