ახალი ამბები

2022 წლამდე მცირე ზომის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებები შეიქმნება – გაბუნია

18 თებერვალი, 2020 •
2022 წლამდე მცირე ზომის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებები შეიქმნება – გაბუნია

“ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში მდგომარეობის გამოსწორებაზე ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების შესაბამისად, აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროსთვის ცნობილია, თუ რა მდგომარეობაა დიდი ზომის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში, მათ შორის, “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში”, რომლის შესახებაც სახალხო დამცველმა, გუშინ, 17 თებერვალს, გაავრცელა განცხადება.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში” არ არის მუდმივი ცხელი წყალი, რის გამოც პაციენტებს ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის საშუალებით უწევთ. გარდა ამისა, ცენტრში არ არის რბილი ავეჯი, ასევე არ არის გამოყოფილი თამბაქოს მოსაწევი სივრცეები და არ არის საკმარისი სამედიცინო პერსონალი. ხშირია პაციენტებს შორის დაპირისპირების შემთხვევებიც. ამ მიზეზების გათვალისწინებით აღნიშნულ დაწესებულებაში არ არის პაციენტების რეაბილიტაცისთვის შექმნილი შესაბამისი გარემო.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგლის თქმით, გასულ წელს დიდი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მდგომარეობის გაუმჯობესებას, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში [თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი] ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას:

“ეს იქნება მეტად კოსმეტიკური, იმ აუცილებელი ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, რაც პაციენტებისთვის და ბენეფიციარებისთვის იქ ყოფნას მისცემს მისაღებ ფორმას. ამის პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის ხელშეწყობაზე, რათა გადავიდეთ მცირე ზომის საცხოვრისებზე, სწორედ მსგავსი ტიპის საცხოვრისების მშენებლობა გახლავთ საინვესტიციო პრიორიტეტი”, – განაცხადა ჯანდავცის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

გაბუნიას თქმით, მცირე ზომის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების გახსნა 2022 წლის ბოლოსკენ დასრულდება, სადაც შემდგომ დიდი ზომის დაწესებულებებიდან გადაანაწილებენ პაციენტებს. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სწორედ ამ მიზეზით, დიდი ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამართლებული არ არის.

მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ამჟამად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა 27 მილიონით ფინანსდება, ეს თანხა კი ძირითადად მიმართულია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, მისი თქმით, მოქმედებს აღჭურვა-რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც თბილისში არსებული დიდი ზომის დაწესებულებებისთვის გარკვეული კომფორტული პირობების შექმნა ხორციელდება.

“დეინსტიტუციონალიზაცია არის რეკომენდაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად მუშაობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტრატეგიაზე. მიმდინარეობს კვლევა და ივნისის თვისთვის უკვე გვექნება ახალი სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი განვითარების პერსპექტივები, რაც ამ მიმართულებით უნდა მოხდეს”, – ამბობს თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. ის ირწმუნება, რომ მოკლევადიან პერიოდში მოხდება სწრაფი რეაგირება, რათა ის პაციენტები, რომლებიც დღეს რჩებიან დაწესებულებებში, იყვნენ შესაბამის პირობებში.

მძაფრი სუნი და ცივი წყალი პირადი ჰიგიენისთვის თბილისის ფსიქიატრიულში – ომბუდსმენის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი