ახალი ამბები

Wizz Air რუსეთში სექტემბრიდან პირველ ბაზას ხსნის

9 ივლისი, 2020 • 1547
Wizz Air რუსეთში სექტემბრიდან პირველ ბაზას ხსნის

ავიაკომპანია Wizz Air მიმდინარე წლის სექტემბრიდან რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში თავის პირველ რუსულ ბაზას ხსნის.

როგორც ავიაკომპანია აცხადებს, პირველ ეტაპზე აქ ბაზირებული იქნება ერთი Airbus A320, რომელიც რეგულარულ რეისებს შეასრულებს მსოფლიოს 5 მიმართულებით.

კერძოდ, Wizz Air-ის  სანტქ-პეტერბურგში ბაზირებული აღნიშნული თვითმფრინავი შემდეგი მიმართულებით იფრენს:

  • ზალცბურგი (ავსტრია);
  • ოსლო (ნორვეგია);
  • კოპენჰაგენი (დანია);
  • სტოკჰოლმი (შვედეთი);
  • მალტა.

გარდა ამისა, Wizz Air სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან რეისებს კიდევ ექვსი მიმართულებით შეასრულებს. ესენია:

  • ლონდონი (დიდი ბრიტანეთი);
  • სოფია (ბულგარეთი);
  • ბუდაპეშტი (უნგრეთი);
  • ვილნიუსი (ლიეტუვა);
  • ბუქარესტი (რუმინეთი);
  • ბრატისლავა (სლოვაკეთი).

ავიაკომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ავიარეისების შესრულების დროს მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები, კერძოდ, ეკიპაჟის წევრები ატარებენ სპეიცალურ ნიღბებს, იგივე მოთხოვნაა მგზავრების მიმართ, თვითმფრინავებს კი ყოველდღე უტარდებათ დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით.


30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უნგრულმა ავიაკომპანიამ ქუთაისში არსებული ბაზის ოპერაციები დროებით შეაჩერა. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბაზა არ დაუხურავთ, თუმცა ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავები უკვე რამდენიმე თვეა სხვა ქვეყანაშია გადაყვანილი. ამის მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები. აღნიშნული შეზღუდვების გაუქმება პირველი ივლისისთვის დაანონსდა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვების მოხსნაზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ კომპანია არსად მიდის, მეორე მხრივ კი, არ აქვს მნიშვნელობა, “სად დადგება ხომალდი, ქუთაისში თუ სხვაგან”, თუ ფრენები გაგრძელდება.

8 ივლისს საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ საზღვრებს უპირობოდ ხსნის 5 ქვეყანასთან – საფრანგეთთან, გერმანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან. ამ ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ პირდაპირი რეისით, კარანტინისა და PCR ტესტირების გარეშე შეეძლებათ.

საქართველოს ხელისუფლებისვე ინფორმაციით, “ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა  და AirFrance-თან”. 

მთავრობის აღნიშნულ ინფორმაციაში არაფერია საუბარი Wizz Air-სა და Ryanair-ზე, რომლებიც ბიუჯეტური ავიაკომპანიები არიან და, შესაბამისად, შედარებით იაფად ყიდიან ბილეთებს.

სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, Wizz Air ქუთაისის ბაზიდან ევროპის 27 მიმართულებით დაფრინავდა. 2020 წლის ბოლომდე იგეგმებოდა ქუთაისში ბაზირებულ 3 თვითმფრინავზე კიდევ 2 თვითმფრინავის დამატება და რეისების დანიშვნა 12 ახალი მიმართულებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის Wizz Air-ის ბაზის არსებობა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი