ახალი ამბები

ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

7 ივლისი, 2020 • 1119
ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერად იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქტივისტებმა სამინისტროსთან ბანერზე დაწერილი საკუთარი ფეისბუკ სტატუსები მიიტანეს:

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ცენზურა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ფეისბუკ სტატუსების გამო ადამიანების დაკითხვებზე დაბარება დ,ა როგორც ბაჩანა შენგელიას შემთხვევაში მოხდა, მისი სამსახურიდან გაშვება. “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური კარიერა ცოტა ადრე რომ დაეწყო, საბჭოთა პარტია იქნებოდა, ვინაიდან მათი ტაქტიკებით ცდილობენ პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებას”, – ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ტელეკომპანია “მთავართან”.

აქციას შეუერთდა თავად ბაჩანა შენგელიაც, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პროგრამაზე წვდომა შეუჩერა და მიზეზად მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოება დაასახელა:

“ეს საქმე არ არის უბრალოდ ჩემს “ფეისბუკ” პოსტებზე, ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დაუშვებელია ცენზურის დაწესება და არავის აქვს უფლება, არც ამ საჯარო დაწესებულებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, ამ ქვეყანაში შეგვიზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული, სიტყვის თავისუფლების უფლება. ეს იქნება რთული ბრძოლა იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ დაწყებულია დაშინების აქტიური კამპანია და ეს არის ერთ-ერთი სახე, რომ სამაგალითოდ აჩვენონ ხალხს, ფეისბუკ პოსტის გამოც შეუძლიათ ადამიანი დასაჯონ”, – ამბობს შენგელია.

ამჟამად იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ ორ დისციპლინურ საქმეს აწარმოებს.

მანამდე შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა,  რომ კანომდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავდა.

რაც შეეხება მეორე წარმოებას, შენგელიას იუსტიცია ასევე ედავება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო:

“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.

აღნიშნულ საკითხზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბაჩანა შენგელიას სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაცია იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალდებულებს და დარღვევის შემთხვევაში მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს.

რა ეჭვებს აჩენს ბაჩანა შენგელიას საქმე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი