ახალი ამბები

სუს-ის განცხადების საპასუხოდ თბილისში წარწერები “რევოლუცია” გამოჩნდა

4 ნოემბერი, 2021 • 1869
სუს-ის განცხადების საპასუხოდ თბილისში წარწერები “რევოლუცია” გამოჩნდა

სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადების საპასუხოდ თბილისის ქუჩებში წარწერები “რევოლუცია” გამოჩნდა. ამის ამსახველი ფოტოები მოძრაობა “შეცვალემ” გაავრცელა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით.

სუსი მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

“Ⴑახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გამოხმაურება სოციალურ ქსელში

“ზუგდიდში მაქვს დღეს რევოლუცია და მოდით”, — მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დეპუტატი ანი წითლიძე.

სუს-ის განცხადების შემდეგ, რომ სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია, სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია. სოცქსელების მომხმარებლები წერენ რევოლუციას და ნიშნავენ სუს-ის გვერდს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე”. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ, ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

უწყების მტკიცებით, საქმის ფიგურანტები გეგმავდნენ, სხვადასხვა საშუალებებით მოეხდინათ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების გზების ბლოკირება და ამ გზით ხელი შეეშალათ მისი ეტაპირების პროცესისთვის.

შემდეგ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე” სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შესაძლოა, არავინ დააკავონ, რადგან “უწყებამ დანაშაული ჩანასახშივე აღკვეთა”.

„ჩანასახშივე აღიკვეთა, შესაძლოა, დაკავება ვერ მოხერხდეს“ – მდინარაძე სუს-ის გამოძიებაზე

 

რევოლუციის ან დამხობის ხსენება ავტომატურად დანაშაული არ არის — სიმონიშვილი

გარეკანის ფოტო: FB/შეცვალე

მასალების გადაბეჭდვის წესი