ახალი ამბები

არ დაუშვათ ზუგდიდში გახარიას თანაგუნდელის თავმჯდომარეობა – ბაჩანა შენგელია ენმ-ს

7 თებერვალი, 2022 • 1132
არ დაუშვათ ზუგდიდში გახარიას თანაგუნდელის თავმჯდომარეობა – ბაჩანა შენგელია ენმ-ს

ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, 2018 წლის არჩევნების პერიოდში გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, არ დაუშვან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპერმიერი გიორგი გახარიას გუნდის წევრის არჩევა.

„იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა“, – წერს შენგელია ფეისბუკზე.

„ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან [ენმ-სთან] და სამწუხაროდ, ბევრ ჩემს მეგობართან, ვინც ამ პარტიაშია“, – წერს ბაჩანა შენგელია.

კერზაიას საქმე და გახარიას პოზიცია

ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული ინსპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც გარდაიცვალა. განათლების სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში ჩატარდა მათთან შესული ანონიმური წერილის საფუძველზე.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, – რაც მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, – პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

კერძოდ, შენგელიას თანახმად, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ „ოცნებისთვის“ იმუშავებდა, მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, „დამოკიდებულება შეიცვლებოდა“.

ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა პროკურატურამ 2019 წლის აგვისტოში „დანაშაულის არარსებობის გამო“ გამოძიება შეწყვიტა.

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინასაარჩევნოდ აქტიურობას უკავშირებს სამეგრელოში და ამბობს, რომ კერზაია „გახარიას ბრძანებამ შეიწირა“.

გიორგი გახარია უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ გამოძიებამ „ვერანაირი კავშირი პოლიტიკურ ზეწოლასა და გარდაცვალებას შორის ვერ დაადგინა“.

„ქალბატონი ია კერზაიას გარდაცვალება არის ტრაგედია… ჩატარდა გამოძიება, სადაც გამოძიებამ ვერანაირი კავშირი პოლიტიკურ ზეწოლასა და გარდაცვალებას შორის ვერ დაადგინა. ჩემთან კი არა, საერთოდ რაიმე სახის ზეწოლასთან დაკავშირებით“, – თქვა გახარიამ 2021 წლის ივნისში.

ბაჩანა შენგელიას ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

ზუგდიდის საკრებულოს საკითხი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ 3 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ზუგდიდის საკრებულო დღემდე არ შეკრებილა – საკრებულო ვერ ახერხებს თავმჯდომარის არჩევას.

ზუგდიდის საკრებულოს აკომპლექტებს 45 დეპუტატი. „ნაციონალურ მოძრაობას“ 22 წევრი ჰყავს, „ქართული ოცნებას“ — 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 3 მანდატი აქვს.

ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ თავმჯდომარის არჩევას.

წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, სადაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე არ ჰქონდათ უმრავლესობა, ენმ-სთან შეთანხმებით, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრები აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი