ახალი ამბებისამართალი

რა ეჭვებს აჩენს ბაჩანა შენგელიას საქმე

30 ივნისი, 2020 • 4576
რა ეჭვებს აჩენს ბაჩანა შენგელიას საქმე

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას საქმის უკან, რომლის წინააღმდეგაც იუსტიციის სამინისტრო ორ სხვადასხვა საკითხზე დისციპლინურ მოკვლევას აწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.  

NGO-ებში აღნიშნავენ, რომ პრობლემურია როგორც კანონმდებლობა და მისი აღსრულების მოქმედი მექანიზმი, ასევე ეჭვებს აჩენს დროის შუალედი ნოტარიატის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებსა და შენგელიას წინააღმდეგ დაწყებულ წარმოებას შორის.

დისციპლინური წარმოება FB პოსტების გამო

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრო დაუსაბუთებლად სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში დაადანაშაულა, კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტრო მას ამჯერად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ედავება:

“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

ორგანიზაციის იურისტი, ნანა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ნოტარიუსებისთვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა მძიმე კატეგორიის გადაცდომად 2020 წლის მაისიდან ითვლება და მანამდე ის საშუალო სიმძიმის დარღვევად იყო მიჩნეული. შესაბამისად, ამ ცვლილების შემდეგ გამკაცრდა სანქციაც, რომელიც ამ პრინციპის დარღვევისთვის შესაძლოა ნოტარიუსს დაეკისროს:

“ეს მუხლი – პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა – მძიმე კატეგორიის გადაცდომებში შემოვიდა 2020 წლის მაისში, თუმცა მანამდე არსებობდა იგივე შინაარსის მუხლი, რომელიც ამ ტიპის დარღვევას უფრო ნაკლები სიმძიმის დარღვევების ჩამონათვალში აქცევდა, ეს იყო საშუალო სიმძიმის გადაცდომა. მაისში მოხდა ის, რომ კატეგორია შეეცვალა ამ პრინციპის დარღვევას და გადავიდა მძიმე აკატეგორიის დარღვევებში”, – ამბობს ქურდოვანიძე.

საია-ს იურისტის განცხადებით, შესაბამისად, არსებობს ეჭვები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, ხომ არ არის ეს მიზანმიმართულად ბაჩანა შენგელიას დასჯისთვის დაწყებული პროცესი ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე. 

ნონა ქურდოვანიძე, საიას იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე

გარდა ამისა, იურისტი აღნიშნავს, რომ 2020 წლის მაისამდე მსგავსი გადაცდომის დადასტურებას შესაძლოა გაფრთხილება ან საყვედური მოჰყოლოდა, ცვლილებების შემდეგ კი შესაძლოა უფლებამოსილების შეჩერებითაც დაისაჯოს ერთიდან ორ წლამდე ვადით, რაც მათი შეფასებით, არაპროპორციული სანქციაა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. 

“ჩვენ ვფიქრობთ, ეს აშკარად არაპროპორციულია მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტიპის აკრძალვა ძალიან ავიწროებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ისე გამოდის, რომ ნოტარიუსს საერთოდ არ აქვს საკუთარი შეხედულებების, მაგალითდ, ფეისბუკზე დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც ასე არ არის”, – ამბობს ქურდოვანიძე.

საია პრობლემას ხედავს სადავო ნორმის აღსრულების კუთხითაც, ვინაიდან შენგელიასთვის მიწერილ წერილში უწყება არ აკონკრეტებს, თუ რომელი ფრაზები ან/და პოსტები მიიჩნია დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლად.

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრში” (EMC) კი იმ საქმეებს იხსენებენ, როცა იუსტიციის მინისტრის მიერ არასწორი საკადრო გადაწყვეტილებების გამო სახელმწიფოს სოლიდური კომპენსაციების გადახდა მოუწია.  EMC-ს მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე მაგალითისთვის თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის შემთხვევებს იხსენებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროდან გაათავისუფლეს, სასამართლომ კი საკითხი მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა:

ამას ერთგვარი ტენდენციის სახე აქვს. მაგალითად, თამაზ ახობაძის და ანა სუბელიანის საქმეებით ცალსახად იკვეთებოდა პოლტიკური მოტივები ამ ადამიანების წინააღმდეგ, შრომითი უფლებების შელახვა და მათი გათავისუფლება. საბოლოო ჯამში, ასეთი საქმეები ბევრია და სასამართლოებმა სერიოზული თანხები დააკისრა იუსტიციის სამინისტროს კომპენსაციისთვის, რაც თავის მხრივ სამართლიანია, თუმცა, მეორე მხრივ, ვინ აგებს ამაზე პასუხს, როდესაც ჩვენი მოქალაქეების გადახდილი თანხებით იუსტიციის მინისტრის მიერ არასწორი საკადრო გადაწყვეტილებების გამო უკვე სახელმწიფო იხდის ჯარიმებს და იუსიტიციის მინისტრს ამაზე არასოდეს უგრძვნია მინიმალური პასუხისმგებლობაც კი, რაც, ცხადია, პრობლემაა” ,- ამბობს იმნაძე.

EMC-ში აღნიშნავენ, რომ ბაჩანა შენგელიას აქტივობა მისი დედის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს უკავშირდებოდა, რის გამოც არაერთხელ გაუკრიტიკებია კონკრეტული უწყებები და პოლიტიკური გუნდი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სამინისტროს მხრიდან ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტად განხილვა პრობლემურია.

გურამ იმნაძე, EMC-ის იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საუბარია ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე, რომელიც  2018 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართა:

“ჩვენ ვიცით ამ ადამიანის წარსული და როგორ კონტექსტში უწევს მას ყოფნა, როცა ძალიან მძიმე, ტრაგიკული საქმის გამო, რასაც ბაჩანას დედა ემსხვერპლა,  მიმდინარე გამოძიების გამო არაერთხელ გაუკრიტიკებია  კონკრეტული უწყებები და პოლიტიკური გუნდი. ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტად დასმა, როცა ადამიანი ცალსახა საკითხებზე მსჯელობდა და ითხოვდა გამოძიების პროცესის წარმართვას და მისი ამ აქტიურობის პოლიტიკურ საკითხად მონათვლა ცალსახად შეიძლება იყოს პრობლემური.

 ვინ იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, ესაც გასათვალისწინებელია. რა პროცესით და რა სტანდარტებით დაასკვნა იუსტიციის სამინისტომ, რომ ბაჩანა შენგელიას ფეისბუკ პოსტები იყო პოლიტიზირებული და რას ნიშანვს ამ შემთხვევაში პოლიტიზირება… პრობლემურია ისიც, თუ როგორ მიდიოდა მსჯელობა ამაზე, რაც საბოლოო ჯამში, ქმნის განცდას, რომ მის მიმართ ეს მექანიზმი გამოყენებული იყო სწორედ პოლიტიკური მოტივებით”, – ამბობს გურო იმნაძე.

ია კერზაიას საქმესა და ბაჩანა შენგელიას მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას შორის კავშირს ხედავენ “ევროპულ საქართველოში”.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, იუსტიციის მინისტრი იმავე გზას იმეორებს, რასაც ხელისუფლება 2018 წლის არჩევნების დროს ახორციელებდა ბაჩანა შენგელიას დედის წინააღმდეგ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებზე საპასუხოდ თეა წულუკიანს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე იწვევს:

“როგორც აღმოჩნდა, ქალბატონმა წულუკიანმა ჯერ შეცვალა ნოტარიატის დებულება, სადაც დაამატა დისციპლინური დევნის საფუძვლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ამის შემდგომ შეუგზავნა ინსპექცია ბაჩანა შენგელიას, შეუწყვიტა მას საქმიანობა, გამოურთო რა პროგრამა, და შემდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება იმის გამო, რომ არ მოეწონა ბაჩანა შენგელიას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტები. იგივე გზა გაიმეორა, რასაც ეს ხელისუფლება 2018 წელს ახორციელებდა ბაჩანა შენგელიას დედის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი ღია პოლიტიკური დევნის, რომელზეც არის რეაგირება საჭირო”  ,- ამბობს კაპანაძე.

იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიას საკითხზე ნეტგაზეთის კითხვისთვის არ უპასუხია.

დისციპლინური წარმოება სამსახურში არყოფნის საფუძვლით

მანამდე შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა,  რომ კანომდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთრი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავს:

პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას აღნიშნულ საკითხზე კითხვები დაუსვეს. ოპოზიციის კითხვებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ამ ფორმატში ვერ ისაუბრებს და მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში ვიზიტისას მზადაა აღნიშნულ საკითხზეც ისაუბროს:

“არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. არა რაიმე უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. როდესაც მე აქ წარვდგები მინისტრის საათის ფორმატში, მაშინ ნებისმიერ ცაკლეულ ქეისზე ვისაუბროთ, მაგრამ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია ნოტარიუსის რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში.

ამიტომ, დაანებეთ ნოტარიუსებს და ამ ადამიანს თავი, კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, რომლის ინსპექტირებისას აღმოჩნდება, რომ დაარღვია წესი, დროებით შეუჩერდება ბიუროს საქმიანობის უფლება. ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას და ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია”, – თქვა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი