ახალი ამბები

კერზაიას საქმეზე გამოძიების დასაწყებად პროკურატურას ხელახლა მივმართავ — შენგელია გოგაშვილის ფაილებზე

21 ივლისი, 2022 • 905
კერზაიას საქმეზე გამოძიების დასაწყებად პროკურატურას ხელახლა მივმართავ — შენგელია გოგაშვილის ფაილებზე

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ აპირებს, პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართოს ია კერზაიას საქმის გამოძიების ხელახლა დაწყების მოთხოვნით.

ამის მიზეზი გახდა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის — „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ — მიერ ანგარიშის გამოქვეყნება.

ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 21 ივლისს, გაავრცელა ანგარიში, სადაც ნათქვამია რომ პარტია „ქართული ოცნება“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადგენდნენ დოსიეებს სკოლის დირექტორების შესახებ, სადაც ყურადღება მახვილდებოდა მათ პოლიტიკურ იდენტობაზე და გამოიყენებოდა დირექტორების დაწინაურებისთვის ან გათავისუფლებისთვის.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მათთვის სოსო გოგაშვილის მიერ გადმოცემული დოკუმენტაცია სკოლის დირექტორების საკითხთან დაკავშრებით დამატებით მტკიცებულებად უნდა იქნას განხილული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლის ნაწილში.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს, თუმცა გამოძიების დაწყების იმედი არ აქვს.

„ლოგიკურიცაა და მაინც ფორმალურად მოვითხოვ გამოძიების დაწყებას ამ მიმართულებით.

ფორმალურად იმიტომ ვამბობ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გამოვიარეთ სამი წელი, ყველანაირი დოკუმენტი წარდგენილი მქონდა, ჩემთვის არაფერი სიახლე არ არის და არც მაქვს იმედი, რომ გამოძიება დაიწყება.

ახლად გამოვლენილ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ ეს დოკუმენტები. საბოლოოდ, დოკუმენტების თავიდან ბოლომდე გაცნობის შემდეგ, ვაპირებ, რომ მივმართო პროკურატურას კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი მოლოდინი არ მაქვს“, — განაცხადა ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ფორმატში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ამ კომისიასთან ითანამშრომლებს.

„თუ იქნება ამაზე საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეა, მე ამას მხარს დავუჭერ, რადგან, ჩემი აზრით, ყველა ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ეს სისტემური, უმძიმესი დანაშაული გამოიძიონ.

სამწუხაროა და ოპოზიციის მხრიდანაც არ მომწონს გაწეული სამუშაო. ახლა თუ ოპოზიცია დააინიცირებს საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, მე მხარს დავუჭერ, მაქსიმალურად ვითანამშრომლებ და მივაწოდებ ჩემ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტაციას“, — აცხადებს იგი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე სკოლის სამეურვეო საბჭოს მიეცა სკოლის დირექტორის, ია კერზაიას უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის რეკომენდაცია. თავად ია კერზაია აღნიშნულ ინსპექტირებას პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა და ამის შესახებ საჯაროდ რამდენიმე ფორმატში განაცხადა. სატელევიზიო კომენტარში ია კერზაია აცხადებდა, რომ პირად საუბარში დაავალეს სკოლის პედაგოგებთან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია, რაც არ გააკეთა. სამინისტროს მიერ ჩატარებულ არაგეგმურ ინსპექტირებას კერზაია განიხილავდა ამ მოვლენების გამო მისი დასჯის ღონისძიებად.

2 დეკემბერს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. 9 დეკემბერს იგი გარდაიცვალა. ია კერზაიას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე არ ჰქონია.

კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, ასევე სთავაზობდნენ:

  • პირობითი მსჯავრის გაუქმებას და საპყრობილიდან დროზე ადრე გათავისუფლება,
  • შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
  • მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
  • სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
  • წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ

მასალების გადაბეჭდვის წესი