ახალი ამბები

შეუძლია ნოტარიუსს პოლიტიკაზე საჯაროდ საუბარი? – საიას საკონსტიტუციო სარჩელი

6 ივლისი, 2020 • 1232
შეუძლია ნოტარიუსს პოლიტიკაზე საჯაროდ საუბარი? – საიას საკონსტიტუციო სარჩელი

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალდებულებს და დარღვევის შემთხვევაში მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს.

24 ივნისს ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რომელსაც საფუძველად დაედო მის მიერ პირად facebook-ზე გამოხატული მოსაზრებები, რაც გენერალური ინსპექციის შეფასებით, წარმოადგენდა „მიკერძოებული პოლიტიკის საჯაროდ გამომჟღავნებას“ და ,,პოლიტიკურ შეფასებებს.“

საია-ს განცხადებით, ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69 ბრძანება ადგენს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მასში 2020 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ამ პრინციპის დარღვევა წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და სანაქციის სახით მათ შორის ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას ერთი თვიდან 2 წლამდე ვადით.

საია-ს შეფასებით, იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ბრძანება ახდენს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას.

კერძოდ, ბრძანების თანახმად, ნოტარიუსს ევალება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის პირად facebook გვერდზე, აკრძალულია.

საია-ს განცხადებით, აღნიშნული ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად.“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესება. მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტს გააჩნია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69-ე ბრძანება შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებით არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებასაც. ამის გამო საია ითხოვს განმწესრიგებელ სხდომაზე არსებითი განხილვის გარეშე გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, საიას სარჩელით წარდგენილი აქვს არგუმენტები, რომლითაც ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ნოტარიუსის ფეისბუქის პირად გვერდზე პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო მისი დასჯა არის არაპროპორციული ღონისძიება და წარმოადგენს ნოტარიუსის, როგორც საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებაში მძიმე ფორმით ჩარევას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასეთი ღონისძიება ვერ იქნება გამართლებული ვერც ერთი ლეგიტიმური მიზნით:

“ამასთან, სანქცია, რაც პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემთხვევაში ნოტარიუსს ეკისრება, არის არაადეკვატურად მკაცრი. პოლიტიკური განცხადების გაკეთება მიჩნეულია მძიმე ტიპის გადაცდომად და პირველივე შემთხვევაშიც კი ითვალისწინებს ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერებას. ამ მკაცრი ღონისძიების გამოყენებას წინ არ უძღვის გაფრთხილება ან საყვედური, რაც გათვალისწინებულია მსუბუქი და საშუალო დისციპლინური გადაცდომისათვის” ,- აცხადებენ საია-ში.


ამჟამად იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ ორ დისციპლინურ საქმეს აწარმოებს.

მანამდე შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა,  რომ კანომდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავდა.

რაც შეეხება მეორე წარმოებას, შენგელიას იუსტიცია ასევე ედავება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო:

“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.

რა ეჭვებს აჩენს ბაჩანა შენგელიას საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი