ახალი ამბები

ბიზნესასოციაცია შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს

17 ივნისი, 2020 • 1686
ბიზნესასოციაცია შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს

საქართველოს ბიზნესასოციაცია აკრიტიკებს პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებების პროექტს, რომელიც შრომით ურთიერთობებს არეგულირებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონის პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გაართულებს ვითარებას შრომით ბაზარზე, “რომელიც ისედაც დაზარალდა ახალი კორონავირუსის კრიზისის შედეგად”.

ასოციაციის განცხადებით, პანდემიის პირობებში ის შეუჩერებლად მუშაობდა წევრ კომპანიებთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, “რათა მინიმალურ დონეზე მაინც შენარჩუნებულიყო კომპანიების აქტივობა და სამუშაო ადგილები ამ კომპანიებში”. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დიდწილად მან ეს შეძლო, თუმცა  კანონპროექტი ვითარებას ხელახლა გაართულებს, რაც სამუშაო ადგილებსა და ხელფასებზეც აისახება.

“დღეს, ზემოაღნიშნულის ფონზე, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოება გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირების მორიგ ტალღას, სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო ზრდას.

ამასთან, ძალიან სამწუხაროა, რომ ცვლილებათა პაკეტის ინიციატორებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის დეკემბერში მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მსგავსი ტიპის ინიციატივებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულებას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესასოციაციას აუცილებლად მიაჩნია, კანონპროექტი პარლამენტში მხოლოდ მისი მიღებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგების შეფასების შემდგომ განიხილონ.

“აქვე უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის ერთგული, ვუჭერდით და დღესაც ვუჭერთ მხარს ისეთი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორიცაა, მაგალითად, დისკრიმინაციისა თუ იძულებითი შრომის პრევენცია, საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, დედებისა და ქალების შრომითი უფლებების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმების დახვეწა თუ სხვა”, – აღნიშნავს ასოციაცია.

აქვე ბიზნესასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან ერთად იმუშაოს და დახვეწოს დღეს არსებული მექანიზმები, “რათა დასაქმებულებმა შეძლონ მათი უფლების დარღვევის შემთხვევაში დავის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმებით სარგებლობა”.

დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ განუხილავს, ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.

კანონპროექტის მიხედვით,  დეკრეტული შვებულებით სარგებლობას მამებიც შეძლებენ. ასევე, 3 თვით განისაზღვრება ერთჯერადი უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადა. ქალისა და კაცის თანაბარი შრომის ანაზღაურება კი ერთნაირად უნდა განისაზღვროს. ამასთან, კანონპროექტით იკრძალება ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება.

დეპუტატი მიმდინარე თვის დასაწყისში აღნიშნავდა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ძირითადად ბიზნესსექტორი გამოთქვამს. კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე კი, ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა მსგავსი ცვლილებების მიმართ სიფრთხილეს იჩენს, რაც გარკვეულწილად კანონპროექტის განხილვას აფერხებს.

ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ – კანონპროექტი

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს

მასალების გადაბეჭდვის წესი