ახალი ამბები

კომიტეტმა შრომის კოდექსში ცვლილებებზე ერთი კანონპროექტი ჩააგდო – რა ელის მეორეს?

4 ივნისი, 2020 • 1902
კომიტეტმა შრომის კოდექსში ცვლილებებზე ერთი კანონპროექტი ჩააგდო – რა ელის მეორეს?

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი პირველ მოსმენაზე ჩააგდო. საკანონმდებლო უწყებაში ამ დროისთვის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით შექმნილი კიდევ ერთი კანონპროექტია რეგისტრირებული, რომელიც შრომით ურთიერთობებს არეგულირებს, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე პარლამენტს არ დაუწყია.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კანონპროექტი დარეგისტრირებულია პარლამენტში, გაწერილია კომიტეტები  და ამჟამად კომიტეტების თავმჯდომარეებს ელიან განხილვების დასანიშნად. მისი თქმით, ის, რომ კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა, ნაწილობრივ კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება და უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი აქვს:

ის, რომ აქამდე მოვიდა და არ არის გნახილული, რა თქმა უნდა, კორონავირუსის ბრალია.  შეიძლებოდა განხილვა, თუმცა პარლამენტმა ასე გადაწყვიტა, რომ ყველა კანონი, რომელიც არ უკავშირდებოდა კორონავირუსს, არ განეხილათ. ახლა აღარ არის საგანგებო რეჟიმი და სავალდებულო კომიტეტებმა უნდა დანიშნონ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ფეხს ითრევენ.

თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მოვახერხებთ და გავიტანთ. ამაში დარწმუნებული ვარ, რეალურ მხარდაჭერას ვგრძნობ არა მხოლოდ ჩემი კოლეგების, რომლებიც ჩემი თანამოაზრეები არიან, არამედ უმრავლესობის მხრიდანაც. მათ შორის, ირაკლი კობახიძე, რომელიც იმთავითვე უჭერდა მხარს, მისი თავმჯდომარეობის დროს დაიწყო ამ პროექტზე მუშობა და, მე ვფიქრობ, უმრავლესობა, მთავრობა გაბედულ ნაბიჯს გადადგამს და სირთულეების მიუხედავად, მიიღებს ამ კანონს”, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტს პარლამენტი დაჩქარებული წესით არ განიხილავს და განხილვა ივნისის დასაწყისში უნდა დაიწყოს, თუმცა დეპუტატებს შეუძლიათ ის გადაავადონ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ძირითადად ბიზნესსექტორი გამოთქვამს. კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე კი, ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა მსგავსი ცვლილებების მიმართ სიფრთხილეს იჩენს, რაც გარკვეულწილად კანონპროექტის განხილვას აფერხებს:

“არის ბიზნესში, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური მიდგომა, რომ რეგულაცია ზოგადად ცუდია, ასევე არის შიში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომ არანაირი მაკონტროლებელი ორგანო არ უნდათ. თუმცა ესეც ვიცით, რომ ამ მაკონტროლებელი და მარეგულირებელი ორგანოების გარეშე არაფერი რეგულირდება, ბაზარი ამას არ არეგულირებს. ამ შემთხვევაში, მთავრობა თავს იკავებს გარკვეულწილად და ფრთხილობს იქიდან გამომდინარე, რომ რთული ეკონომიკური ვითარებაა და უნდა დაბალანსებული ვერსია შევიდეს, რომელიც ამ ანტიკრიზისულ გეგმასთან იქნება სინქრონული. იმედი მაქვს, ესაა ძირითადი მოტივი შეფერხების და არაფერი სხვა”, – ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, თუ კანონპროექტის გნახილვის პროცესი მომავალი კვირის განმავლობაში არ დაიძვრება, ეს იქნება მიმანიშნებელი, რომ უმრავლესობა მის მიღებაზე უარს ამბობს:

“ალბათ ამ დღეებში გაიმართება შეხვედრები. ან იქით, ან აქეთ უნდა დაიძრას ეს საკითხი. ბოლო დღეებია, ფაქტობრივად, იმ კვირაში თუ არ დაიძრა ეს საკითხი, გამოდის, უარს ამბობენ”, – ამბობს დეპუტატი.

დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით,  დეკრეტული შვებულებით სარგებლობას მამებიც შეძლებენ. ასევე, 3 თვით განისაზღვრება ერთჯერადი უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადა. ქალისა და კაცის თანაბარი შრომის ანაზღაურება კი ერთნაირად უნდა განისაზღვროს. ამასთან, კანონპროექტით ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება იკრძალება.

დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს ამ დღეებში გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ქვეყანა შრომის კანომდებლობის გადასინჯვას გეგმავს. საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიკსერი კი აღნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილებები შრომით კანომდებლობაში და ამ პროცესის დაწყებას ევროკავშირი მიესალმება.

რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილის შემოთავაზებულ კანონპროექტს, ის გუშინ, 3 ივნისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველ მოსმენაზე ჩააგდო.  საკანანონმდებლო ცვლილებებმა კენჭისყრაზე ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა.

“ზოგჯერ უარს ვამბობთ ხოლმე, გარკვეულ ცვლილებას მხარი დავუჭიროთ. არა იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით, არამედ მცირემასშტაბიანი ცვლილებები ითხოვს ხოლმე, სისტემურად იქნას განხილული. არის სამმხრივი კომისია, სადაც არაერთხელ მიგვიმართავს, რომ მათთან ერთად მოხდეს შეთანხმება“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ეს კანონი ერთნაირად ეკუთვნის როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს, და ზოგჯერ შეიძლება კარგი ჩანაწერი დამაზიანებელიც გახდეს.

ამავე თემაზე

ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ – კანონპროექტი

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს

ერთჯერადი სტაჟირება შეიძლება 3 თვემდე შეიზღუდოს

მასალების გადაბეჭდვის წესი