ახალი ამბები

ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ – კანონპროექტი

13 მაისი, 2020 • 1967
ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონრპექტის მიხედვით, რომელიც “შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვისაცაა გათვალისწინებული. დღემდე მოქმედ “შრომის კოდექსში” მამის მიერ შვებულების აღების საკითხი ცალკე არ არის გამოყოფილი, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.

კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. თუმცა აქედან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

დოკუმენტში წერია, რომ შვილის მოვლის გამო შვებულება, პირველ პუნქტში მითითებული ორსულობის და მშობიარობის შვებულების გამოყენებული დღეების გამოკლებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.

ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების შესახებ.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე. რაც შეეხება კანონის ამოქმედების ვადებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით განიხილავს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს და რამდენად სწრაფად დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი