ახალი ამბები

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

22 სექტემბერი, 2019 •
ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ნეტგაზეთს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია, თუ რა ცვლილებების შეტანა სურს შრომის კოდექსში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ პარლამენტში ინიცირებული არ არის, შესაბამისად, მასში შეიძლება მნიშვნელოვანი შესწორებები შევიდეს, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება დეკრეტეულ შვებულებებს. ნაცვლად ერთჯერადი დახმარებისა, მოქალაქეები მიიღებენ თანხას ხელფასის 80%-ის ოდენობით.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. აქედან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

დაგეგმილი ცვლილებით, მამობის შვებულებას ემატება 14-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას;

ასევე შემოდის მამობის 30-დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, წარმოდგენილი მექანიზმი აყალიბებს ანაზღაურების უფრო მაღალ სტანდარტს ვიდრე მოთხოვნილია შესაბამისი ევროდირექტივით.

შესწორება: ნიუსის თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადა 6 თვემდე იზრდება, რაც მოქმედი კანონმდებლობით ისედაც ასეა და შესაბამისად, ზუსტი არ იყო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი