ახალი ამბებისაზოგადოება

საერთო მაჟორიტარები და “ლელოს” დილემა

9 ივნისი, 2020 • 3234
საერთო მაჟორიტარები და “ლელოს” დილემა

“ვისთან შეიძლება ვითანამშრომლო? ვერც ერთთან და ვერც მეორესთან”, – ეს სიტყვები მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის სექტემბერში წარმოთქვა და ამით დაადასტურა მოძრაობა “ლელოს” პოზიცია, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად თუ დასჭირდა ხმები, არ ითანამშრომლებს არც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან”.

მაშინ პოლიტიკური რეალობა სხვაგვარი იყო: 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი ჯერ არ იყო ჩავარდნილი და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგად – ნაწილობრივ აღდგენილი. არც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ყოფილან შეკრებილნი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე სამსჯელოდ. 9 თვის შემდეგ, როცა ეს მოცემულობა უკვე არსებობს, “ლელოს” პოზიცია ძირითად პოლუსებთან მიუმხრობლობაზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა: პარტია მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის, თუმცა საკუთარ კანდიდატებს ყველა ოლქში წარადგენს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ საერთო მაჟორიტარულ შეთანხმებაზე, როგორც მინიმუმ, თბილისში თანახმაა ენმ და 8 ოლქიდან 6-ს თმობს, ასევე, ევროპული საქართველო და სხვები. თუმცა ლელოს პოზიცია ჯერჯერობით კვლავ შედარებით ბუნდოვანია, პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ყველა ოლქში ფიქრობენ საკუთარი კანდიდატის დასახელებას, თუმცა საგამონაკლისო წესით დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავენ.

რატომ არ მონაწილეობს “ლელო” საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარულ შეთანხმებაში უფრო აქტიურად? ერიდება თუ არა ის იმ ამომრჩევლის განაწყენებას, რომელმაც, შესაძლოა, პარტიის ეს ნაბიჯი თავდაპირველად დაკავებული შუალედური პოზიციიდან გადახვევად და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებად აღიქვას? ექსპერტები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ, თუმცა მის სისწორეზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. პარტიაში კი კვლავ აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ თავდაპირველად დადასტურებული პრინციპებისგან გადახვევას.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ “ლელოს” ჩართვა ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებაში დააზიანებს მას, როგორც ალტერნატივას, და პოლიტიკურ ველზე ერთმანეთის წინააღმდეგ კვლავ ორ ძალას დატოვებს, რომელიც საზოგადოების მზარდ სეგმენტს არ მოსწონს.

“მე არ ვთვლი, რომ პოლიტტექნოლოგიურად სწორი გზაა, შუა გაიკრიფოს და ტატამზე ერთი-ერთზე ბრძოლა გაიმართოს ოპოზიციის ერთიან (მაჟორიტარობის) კანდიდატსა და ხელისუფლებას შორის. მე ვფიქრობ, ამ ტიპის თამაში ხელისუფლებას უფრო აწყობს ზუსტად იმ სეგმენტიდან გამომდინარე, რომელსაც არც “ქართული ოცნება” სურს და “არც ნაციონალური მოძრაობა”. ასეთი ტიპის ტატამზე ბრძოლა, ერთი ერთზე, ისევ აიძულებს ამ ამომრჩეველს, რომ არ წავიდეს არჩევნებზე, ან თუ წავა, გააკეთოს არჩევანი “ორ ბოროტებას” შორის – მისი გაგებით, რა თქმა უნდა. ასეთ ბრძოლაში ყოველთვის იგებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს ცუდსა და უარესს შორის არჩევანში. ბუნებრივია, ხელისუფლებას მეტი რესურსი აქვს”, – აღნიშნავს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი არ მიიჩნევს, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმებაში რამდენიმე პარტიის ჩართულობა სურათს ავტომატურად არსებითად ცვლის ან ამრავალფეროვბებს. მისი თქმით, “ლელოს”, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის გაძლიერება თავად “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ინტერესებში უნდა შედიოდეს, ამ პარტიის სპეფიციკიდან გამომდინარე. მისი თქმით, ენმ და ევროპული საქართველო დაახლოებით იგივე ელექტორატზე მუშაობენ ამ პარტიების ისტორიიდან გამომდინარე და ერთმანეთის კონკურენტები არიან.

“მათ ინტერესებში უნდა იყოს “ლელოს” გაძლიერება. “ლელო” მათ ხმებს არ ართმევს, ის “ქართულ ოცნებას” ართმევს ხმებს. შუას გაკრეფა არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და ყოველთვის მისი თამაში იყო. უნდათ მის მოედანზე თამაში? ეთამაშონ, მაგრამ წააგებენ”, – ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ “ლელოს” პოზიციები დღეს სიძლიერით არ გამოირჩევა, თუმცა, შესაძლოა, მის ხელში “ოქროს გასაღები” აღმოჩნდეს, თუ არჩევნებში მესამე ადგილს მოიპოვებს და კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დადგება.

“საითაც ის გადაიხრება – “ქართული ოცნებისკენ” თუ “ნაციონალური მოძრაობისკენ’ – იქით იქნება რეალური ძალაუფლება და მას შეეძლება, დააყენოს საკუთარი პირობები ძალაუფლების გადანაწილებაში, ერთ მხარესთანაც და მეორესთანაც”.

მოსაზრებას, რომ საზოგადოების პოლარიზაციის ფონზე “ლელო” რისკებს ერიდება, პოლიტიკური მიმომხილველი გიორგი ცხადაიაც იზიარებს, თუმცა აღნიშნული სტრატეგიის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს უნდა აუხსნას პრაგმატული შეთანხმებების მნიშვნელობა.

“მაგალითად, თუ ვარ პოლიტიკოსი, შეიძლება,რაღაც დონეზე ვითანამშრომლო “ნაცმოძრაობასთან” ისე, რომ ამ პარტიის მხარდამჭერი არ ვიყო. ანუ, შეიძლება, პრაგმატული გარიგება მქონდეს მასთან, რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ასეთივე პროპორციული სისტემა მოქმედებს.

რახან ჩვენთან ჯერ ეს კულტურა არ არის და ეს სისტემაც, რომელიც შეიძლება, მივიღოთ, ახალია, ამომრჩეველი პოლარიზებულია იმდენად, რომ შესაძლოა, ფიქრობენ, რომ მცირედით პრაგმატული გარიგებაც კი მათ იმიჯზე რაღაც აზრით იმოქმედებს.

…მეორე საკითხია, რამდენად გაამართლებს ეს და რა არის გამოსავალი ამ პოლარიზაციიდან: ახალი საარჩევნო ბაზის ჩამოყალიბება თუ პოლარიზაციის შემცირება. მე მგონია, რომ გამოსავალი თვითონ პოლარიზაციის შემცირებაა და ლელომაც და სხვა პარტიებმაც თავის ამომრჩეველს უნდა აუხსნან, რომ სრულიად შესაძლებელია რაღაც ტიპის გარიგებაზე წასვლა ვიღაცის, შენზე გავლენიანი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად ქცევის გარეშე”, – ეუბნება გიორგი ცხადაია “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, თუ “ლელო” უარს იტყვის მაჟორიტარების დაყენებაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მას ორი გზა ექნება: შეინარჩუნოს შუალედური პოზიცია, თუმცა, გაუგებრობის ფონზე, თუ ვისთან ითანამშრომლებენ, კოალიციის ჩამოყალიბების საჭიროების შემთხვევაში; მეორე გზა კი “ქართულ ოცნებასთან” ხიდების აშენებაზე გადის.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ამომრჩევლისთვის მსგავსი საკითხის ახსნა იმ პოლარიზაციის ფონზე, რომელზეც ზემოთ თავად ისაუბრა, პოლიტიკური მიმომხილველი პასუხობს, რომ ეს არის რთული, თუმცა არა -დაუძლეველი:

“შეთანხმების შემთხვევაში, “ნაციონალურ მოძრაობაზე” მეტი შანსი აქვთ [მაჟორიტარულ ოლქებში] სხვა პარტიებს. “ნაციონალური მოძრაობის” პრობლემა ის არის, რომ სულ ახერხებს თავისი ბაზის მობილიზებას არჩევნებისთვის, მაგრამ ის კრიტიკული მასა, რაც საჭიროა, რომ მოიგო არჩევნები, ვერ აგროვებს. ამ მასას ვერ აგროვებს ამ მიზეზით, რომ [ეს პარტია] ჯერ ძალიან შორს არის რაღაცების გადახედვისგან. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებზე [თავიანთ მმართველობის პერიოდიდან] ბოლოს მაინც დაიწყეს ლაპარაკი და დადებითი ნაბიჯია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ ერთვება პროცესებში ისე, როგორც ადრე, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც გადაფასება არ მომხდარა ჯერ. თუ მისი ამომრჩეველი მისცემს ხმას სხვა პარტიებს, რომლებიც შეძლებენ, დამატებით სხვა ამომრჩეველი წაიყვანონ არჩევნებზე, ჩემი აზრით, შეიძლება, ვცდები, თუმცა მგონია, რომ ეს მოდელი გაამართლებს”.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოლიტიკური სივრცის განახლება იყო და ამ პრინციპს გაჰყვება.

“თავადაც ყოველთვის მიჭირდა არჩევანის გაკეთება.ეს არასდროს იყო იოლი იმიტომ, რომ ყოველთვის ვიცოდი, ვინ არ მინდოდა, მაგრამ გულით ვინ მინდოდა, ამის იდენტიფიცირება ყოველთვის მიჭირდა არაერთ არჩევნებზე. ასე არის განწყობილი საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. ამ სულისკვეთებით შევქმენით ჩვენ “ლელო”, – ამბობს ის.

მისი თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრისას უფრო მეტად რწმუნდება, რომ მათ რეალური არჩევანის გაკეთება სურთ და არა ხმის მიცემა ვიღაცის წინააღმდეგ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ, ნაცვლიშვილი ასევე იხსენებს “ოცნების” ლიდერის ნათქვამს და მიაჩნია, რომ მართებულია “ლელოს” პოზიცია: ყველგან ჰყავდეს კანდიდატი, თუმცა დატოვოს სივრცე თანამშრომლობისათვის დანარჩენ ოპოზიციასთან.

“ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, როგორ დაიწყო ივანიშვილმა პოლიტიკური ველის მოსუფთავება და დანგრევა. მან დასვა ფორმულა: შუა უნდა გაიკრიფოს. ამ ფორმულას ის თანმიმდევრულად ავითარებდა ამ წლების განმავლობაში და მთელი საარჩევნო კამპანია აგებულია სწორედ ამ ფორმულაზე: ან მე, ან ის. ალტერნატივა არ არის. ამიტომ, ჩვენთვის ეს პოზიციაა, რომ გვაქვს ჩვენი გზა და გვეყოლებიან ჩვენი კანდიდატები, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ოპოზიციურ ფლანგთან”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ის ასევე იხსენებს ერთიანი მაგიდის შექმნის პერიოდს, როდესაც 2020-ის არჩევნების  პროპორციული წესით ჩატარების საკითხი პარლამენტმა ჩააგდო. მისი თქმით, “ლელოს” არც მაშინ უთქვამს, რომ რაიმე სახის ერთიან სიაში ჩაერთვებოდა და ამ პოზიციას ინარჩუნებს დღემდე:

“ჩვენ იქ არ ვიბრძოდით საკუთარი გამორჩენისთვის. გავერთიანდით მაგიდის ირგვლივ, დავიწყეთ ერთად მუშაობა იმისთვის, რომ მიგვეღო უფრო სამართლიანის საარჩევნო სისტემა, ვიდრე დღეს არსებობს, და ამავე დროს პოლიტიკური დევნის სერიოზული ტალღა შეჩერებულიყო, როგორც მინიმუმ.

ამ მაგიდაზე “ლელოს” პოზიცია არ შეუცვლია. ლელო თანმიმდევრულად აგრძელებს გზას, რომელიც დაიწყო: ჩვენ არც მაშინ გვითქვამს, რომ ერთიან სიას შევუერთდებოდით. მაშინაც ვამბობდით, რომ არ ვმონაწილეობთ ერთიანი სიის შედგენაში, თუმცა არ ვწყვეტთ დიალოგს და კონკრეტულ საკითხებზე მჭიდრო დიალოგს ოპოზიციურ პარტიებთან.

ჩვენ პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია ხელისუფლების შეცვლა და ორპოლუსიანობის დასრულება, რადგან ეს არის ერთ-ერთ ფაქტორი, რომელიც აფერხებს პოლიტიკის განვითარებას და აფერხებს ამომრჩეველს, გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც მასთან ყველაზე ახლოსაა”.

ამასობაში გრძელდება მსჯელობა, როგორ შეიძლება დააყენოს ოპოზიციამ მაჟორიტარები თბილისში ეფექტური შედეგის მისაღწევად. მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დედაქალაქში 8 ოლქი დათმო, ოპოზიციური შეთანხმების მონაწილემ და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ოპოზიციას ამ ოლქებში საერთო მაჟორიტარების დაყენების ფორმულა შესთავაზა, რომლითაც ენმ-ს, “ევროპულ საქართველოსა” და”ლელოს” თანაბარი- 2-2 კვოტა ერგებათ, ალეკო ელისაშვილსა და ლეიბორისტებს კი, თითო-თითო.

მასალების გადაბეჭდვის წესი