ახალი ამბები

„გვასამართლებენ ევროპული მომავლისთვის“ — ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

24 აპრილი, 2024 • 587
„გვასამართლებენ ევროპული მომავლისთვის“ — ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კუპრაძეს, სასამართლომ 2500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კუპრაძის ადვოკატების შუამდგომლობა აცილების შესახებ. აცილების მოთხოვნის საფუძველი იყო მოსამართლის უარი, ამოღებულიყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერები.

„ქართული ოცნება გვასამართლებს მოქალაქეებს ევროპული მომავლისთვის, უბრალოდ, მშვიდობიანი პროტესტისთვის“ ,— უთხრა კუპრაძემ ტელეკომპანია „პირველს“.

„სასამართლო პროცესზე ვარ. მედია გააძევეს დარბაზიდან. მოსამართლე შსს-ს უკმაყოფილებს ყველა შუამდგომლობას. შუქი ჩაქრა – მართლა ჩაქრა“, — დაწერა მანამდე ირაკლი კუპრაძემ პირად გვერდზე.

ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე, პარლამენტთან დააკავეს.

კუპრაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ შსს-ს წარმომადგენლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კუპრაძის დაკავება არაერთ ვიდეომასალაში მოხვდა და ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კადრებში ჩანს, რომ კუპრაძე პოლიციის წინ ხელებაწეული დგას.

„ლელოს“ წარმომადგენელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე, 166-ე მუხლს – წვრილმანი ხულიგნობა.


მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს ანიჭებს.

ამავე თემაზე:

ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი