ახალი ამბებისაზოგადოება

არც “ოცნება”, არც “ენმ” – ხაზარაძის ტაქტიკა გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის

15 სექტემბერი, 2019 • 2670
არც “ოცნება”, არც “ენმ” – ხაზარაძის ტაქტიკა გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის

მამუკა ხაზარაძის სამიზნე გადაუწყვეტელი ამომრჩეველია – თანხმდებიან ანალიტიკოსები, რომელთაც “ნეტგაზეთთან” საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის რიტორიკაზე ისაუბრეს, ძირითად პოლიტიკურ ცენტრებზე მიუმხრობლობასთან დაკავშირებით.

თუმცა, ტაქტიკის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრისას, ყველა მათგანი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი მოძრაობის ლიდერს არაერთი სირთულე ელის ამომრჩეველთან კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების განსაზღვრის გზაზე.

“ვისთან შეიძლება ვითანამშრომლო? ვერც ერთთან და ვერც მეორესთან”, – ასე უპასუხა ხაზარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას შესაძლო პარტნიორთან დაკავშირებით 2020-ის არჩევნებისთვის. მისი თქმით,  საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად თუ დასჭირდა ხმები, არ ითანამშრომლებს არც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან”.

NDI-ს მაისში გამოქვეყნებული კვლევით, გამოკითხულთა დაახლოებით 60 პროცენტს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმაზე, თუ  ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) დირექტორი კობა თურმანიძე მიიჩნევს, რომ დღეს, როდესაც ამომრჩევლის დიდ ნაწილს არცერთი მთავარი პოლიტიკური ძალა მოსწონს, მესამე პარტიის შემოსვლას დანარჩენი ორისგან დისტანცირებისა და გადაუწყვეტელ მოქალაქეებთან მუშაობის გარეშე აზრიც არ აქვს.

კობა თურმანიძე. ფოტო ფეისბუკის პირადი არქივიდან

“თუმცა, რას შესთავაზებს ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, ეს მარტივი საქმე არ არის და მარტო ორი პარტიისაგან დისტანცირება ამას არ ეყოფა”, – ეუბნება თურმანიძე “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ არის ერთგვაროვანი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მესამე ძალის მოლოდინშია. სოციოლოგი ფიქრობს, რომ მხოლოდ კონკრეტული პარტიების მიმართ განაწყენებული ჯგუფები პოლიტიკურ ძალას არჩევნებს ვერ მოაგებინებენ და განსაკუთრებულად პრობლემური მოქალაქეთა ის ნაწილია, რომელიც საერთოდაც არ განიხილავს თავის როლს პოლიტიკურ პროცესებში:

“ეს არის საკმაოდ ჭრელი ჯგუფი, მათ შორის, ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის ჯგუფი, რომლის მიმხრობაც საკმაოდ რთულია და ბევრ მუშაობას მოითხოვს. მათ შორის, გაგებას, რის გამოა ეს ხალხი იმედგაცრუებული და რა არ მოსწონს ან რის გამოა თვითგარიყული პოლიტიკური პროცესებისგან. ეჭვი მეპარება, 1-წლიანი მუშაობა ეყოს ამას.

… ამას გარდა ფინანსებისა, დასჭირდება ახალი იდეები. ჩვენთვის, ვინც პოლიტიკური პროცესებს აკვირდება და აანალიზებს, საკმაოდ ბუნდოვანია, რა უნდა იყოს ის იდეები, რაც გადაუწყვეტელების, მიუმხრობლების დიდ ნაწილს წაიყვანს რომელიმე პარტიის მიმართულებით”.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თავისი რიტორიკის გამო ხაზარაძე “ორმხრივი ცეცხლის ქვეშ” აღმოჩნდება როგორც “ოცნებისგან”, ისე “ენმ”-სგან, თუმცა მიაჩნია, რომ სკეპტიკოსი ამომრჩევლისკენ სწრაფვა საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერისაგან სწორი ნაბიჯია.

“ის გადის აუთვისებელ ბაზარზე, რაც ლოგიკურია, თუმცა რისკებიც ახლავს, რადგან ის ახლა ხვდება ორმხრივი ცეცხლის ქვეშ, საკმაოდ კარგად აპრობირებული მეთოდებით. “ნაციონალური მოძრაობა” მას აბრალებს, რომ ბიძინაზე მუშაობს და “ქართული ოცნება” აბრალებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე მუშაობს”, – ამბობს ხუხაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პოლიტოლოგის გათვლით, ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ფავორიტი სუბიექტი არ ჰყავს, ხაზარაძეს 2020-ის არჩევნებზე მოწინავე პოზიციის დაკავების შანსს აძლევს. თუმცა, ხუხაშვილის თქმით, წარმატების შემთხვევაში მას მაინც მოუწევს გუნდის არჩევა, რომელთანაც სამთავრობო კოალიციის დასაკომპლექტებლად ითანამშრომლებს.

“ვფიქრობ, თუ მოახერხებს თავისი ვითარების სტაბილიზაციას, მას პრეტენზია უნდა ჰქონდეს, დაახლოებით, 15%-იან დიაპაზონში. ეს 15% არის ოქროს გასაღები, რადგან სწორედ ის გადაწყვეტს მომავალი ხელისუფლების ბედს. რატომ? იმიტომ, რომ 15-დან 20%-მდე არის მესამე ადგილი. პირველ ორ ადგილზე გასული ორი პოლიტიკური ძალიდან ვერცერთ ვერ აკომპლექტებს კოალიციას და ორივეს წყალივით სჭირდება მასთან თანამშრომლობა. აქ უკვე იწყება აუქციონი, რომელი უკეთეს პირობებს სთავაზობს. შესაბამისად, მან ისე უნდა გაიაროს ეს გზა, რომ ხიდები არ იყოს დამწვარი”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია, თუმცა ნიშნავს თუ არა ეს აბსოლუტურ მიუმხრობლობას რომელიმე მთავარი პოლიტიკური ძალისადმი? პოლიტიკური მიმომხილველი გიორგი ცხადაია მიიჩნევს, რომ – არა. შესაბამისად, მისი აზრით, დიდი არ არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც კრიზისულ მომენტში ორივე მოთამაშეს გაემიჯნება.

“გამოკითხვებში რაც ჩანს, რომ აი, ორივე პარტიაზე გაბრაზებულები არიან, ეს ბოლომდე მიუმხრობლობას არ გულისხმობს. ბოლომდე მიუმხრობლობა არის ის, რომ გადამწყვეტ მომენტში, როცა ორი არჩევანი გაქვს, მაინც არავის მისცემ ხმას. ასეთი გადამწყვეტი მომენტები აქამდე თითქმის არ ყოფილა. აქამდე ამომრჩეველი დარწმუნებული იყო, რომ “ქართული ოცნება” მოიგებდა, იმიტომ, რომ სულ იგებდა დამაჯერებელი ანგარიშით თითქმის ყველა არჩევნებს. ბოლოს შეეშალა ცოტათი ხელი”, – აღნიშნავს ის.

გიორგი ცხადაია არ ფიქრობს, რომ პოლიტიკური სუბიექტის მიერ გადაუწყვეტელებისაკენ დიდი რესურსის მიმართვა გაამართლებული იქნება. მისი თქმით, მთავარი, რაც მესამე ძალად ჩამოყალიბების ამბიციის მქონე მოთამაშემ უნდა გააკეთოს, ამომრჩევლის მოზიდვაა როგორც “ქართული ოცნების”, ისე “ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან”. არსებული რიტორიკით კი, მისი აზრით, ხაზარაძე ამას ვერ მოახერხებს:

“მგონია, რომ ეს შეცდომაა არამხოლოდ ხაზარაძის, არამედ სხვების შემთხვევაშიც. თუ სერიოზულად უნდა ამ ხალხს პოლიტიკაში ჩართვა, უნდა დაიწყონ ფიქრი იმაზე, როგორ წამოიყვანონ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი.  ეს იქნება უკვე ის პოლიტიკური ნაბიჯები, რასაც გადადგამენ და უფრო მეტ სერიოზულობას შესძენს მათ მოღვაწეობას. ახლა ისე გამოდის, თითქოს ქიმერებს იდევნებიან. ასეთ პოლარიზებულ გარემოში არ არის ისეთი ვითარება, რომ სადღაც არის მიუმხრობელი ამომრჩევლების სამოთხე, რომელსაც აღმოაჩენ, დაარწმუნებ და ყველაფერი შეიცვლება”.

ამავე თემაზე

რატომ მოვიდა პოლიტიკაში – ხაზარაძის სიტყვა მოძრაობის დაფუძნებისას

სოც. სამართლიანობა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, სოლიდარობა – „ლელოს“ მიზნები

მასალების გადაბეჭდვის წესი