ახალი ამბები

როგორ უნდა განაწილდეს თბილისის 8 ოლქი – დავით ბერძენიშვილის შეთავაზება ოპოზიციას

5 ივნისი, 2020 • 1744
როგორ უნდა განაწილდეს თბილისის 8 ოლქი – დავით ბერძენიშვილის შეთავაზება ოპოზიციას

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას თბილისის 8 ოლქში საერთო მაჟორიტარების დაყენების ფორმულას სთავაზობს.

ბერძენიშვილის აზრით, თბილისში საერთო მაჟორიტარები კვოტები ასე უნდა განაწილდეს:

  • ენმ – 2
  • ევროპული საქართველო – 2
  • ლელო – 2
  • ლეიბორისტები – 1
  • ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა – 1

ბერძენიშვილი ამ შეთავაზებას მას შემდეგ აკეთებს, რაც გუშინ საბოლოოდ გახდა ცნობილია, რომ ენმ თბილისში 8-დან 6 ოლქს თმობს და მზადაა, მხოლოდ ორგან, სამგორსა და გლდანში წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება გირჩს. მანამდე ზურაბ ჯაფარიძეც განიხილებოდა ვაკეში ერთ-ერთ კანდიდატად.

“წუხელ თბილისში კონკურენტუნარიან ოპოზიციონერ მაჟორიტარებზე შეთანხმების საუკეთესო პირობები შეიქმნა: ნაციონალები 2 ოლქით შემოიფარგლნენ (არავინ ეცილებოდა 3 ოლქს), რითიც გაზარდეს ლელოს და ალეკო ელისაშვილის საერთო ოპოზიციურ რვიანში ყოფნის შესაძლებლობა.

ლელოს ლიდერთა გუშინდელი განცხადებებიც დამაიმედებელია… როგორც ჩანს, ისინიც მზად არიან, თბილისში შეთანხებულ მაჟორიტართა სისტემაში სრულფასოვნად შევიდნენ.

თითოეული პარტიის მთავარი, კონკურენტუნარიანი, არაკონფრონტაციული ფიგურებით დაკომპლექტებული “ჩემი გუნდი” ასე გამოიყურება ამჟამად: ორი ნაცი, ორი ლელო, ორი ევსაქი, ალეკო და შალვა. ეს ხუთპარტიული, სოლიდური, ერთმანეთთან თავსებადი კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი ნამდვილად იქნებოდა სხვადასხვა ფლანგის ოპოზიციური რვიანი.

P.S. ნაცებს გლდანს და სამგორს არც არავინ ეცილება. დანარჩენი ექვსი სხვანაირადაც შეიძლება დალაგდეს, ცხადია. მე მხოლოდ ჩემი ვერსია გავაჟღერე… თუ გნებავთ, ჩათვალეთ, რომ ასე მოკრძალებულად შევთავაზე განსახილველად დიალოგში მონაწილეობის მსურველ პარტიებს”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი