ახალი ამბები

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

14 ნოემბერი, 2019 • 4534
პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მესამე დღეა მიმდინარეობს. პროცესი 12 ნოემბერს ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. 13 და 14 ნომბერს კი ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომის ფორმატშიც იმსჯელეს. საბოლოოდ მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ სხდომაზე ღია კენჭისყრა გაიმართებოდა, ანუ ყველას თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო პოზიციის დაფიქსირება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

საკონსტიტუციო ცვლილებების სრული ჩანაწერის სანახავად ჩამოშალეთ
არჩევნების შედეგად პოლიტიკურ პარტიებზე მანდატების გასანაწილებლად, თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად  პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, თოთოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისთვის არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლედბა ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო”

21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თქვა, რომ წავიდოდა კომპრომისზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა, ნაცვლად მანამდე დაგეგმილი 2024 წლის არჩევნებისა.

ამავე თემაზე

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ არჩევნებს [სია]

ჩუგოშვილმა და კიდევ ექვსმა დეპუტატმა “ოცნება“ დატოვეს

ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს – მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი