ახალი ამბები

„ოცნებამ“ ყოფილი „ნაციონალების“ დახმარებით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენა

24 აპრილი, 2024 • 1560
„ოცნებამ“ ყოფილი „ნაციონალების“ დახმარებით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტიის “საქართველოსთვის” წევრია, დღეს, 24 აპრილს, თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გადააყენეს. ინიციატორი იყო ფრაქცია „ქართული ოცნება“. იმპიჩმენტის აღსრულებაში „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრთა ხმები დაეხმარა.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 ხმა ბათილად იქნა ცნობილი, მათ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.

კენჭისყრა ფარული იყო. „ინფო რუსთავის“ ცნობით, „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, მასში 5 დეპუტატი მონაწილეობდა. ხუთივე მათგანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო პერიოდში დატოვა. ესენი არიან: ალექსანდრე ბერიძე (საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ვაჟა მორგოშია, ზურაბ ბერიძე, ნინო სულაძე, დათო სულაძე. ისინი თავიანთი პოზიციის გახმიანებისგან თავს იკავებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას სწორედ ალექსანდრე ბერიძე შეასრულებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ დამოუკიდებელ დეპუტატად პოზიციონირებს.

თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა მოადგილეები: პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ზაზა ჯაიანი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ლოცულაშვილი.

საკრებულოს სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა, როგორც სხდომაზე, ისე საკრებულოს შენობის გარეთ. მერიის შენობასთან დაპირისპირებებისას, არაერთი მოწოდების მიუხედავად, პატრულის თანამშრომლები არ ჩაერივნენ და ტერიტორიას გაერიდნენ.

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და რუსული კანონის ინიციატორი „ოცნება“ ღია მოლაპარაკებებში შედიან“;

„ქოცებო, თქვე ნაცებო!“;

„ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო „ნაცებს“ ჩააბარა“, – ეს პარტიის „საქართველოსთვის“შეფასებებია შეროზიას გადაყენების შესახებ.

„ნინო, ნაცებს გაურიგდით? მიპასუხე, ნაცებთან ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს ჩვენი გუნდის წევრს?“ — მიმართა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმაურებიან  რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა თანამდებობები, არამედ ევროპული კურსი, პარტია  კი რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ ჩარეულა.

საკრებულოს თავმჯდომარეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილს მიმართა რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით, რომელზეც ძირითად საკითხებად დადგებოდა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ამის საფუძველი იყო საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობები, ბიუჯეტის დამტკიცების ხელის შეშლა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასება, პროექტების შეფერხება და სხვა.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნოდარ შეროზია საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2022 წლიდან იკავებდა. მის კანდიდატურას მაშინ მხარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

პარტიის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ინიციირებულია ზუგდიდშიც, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ასევე პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი