ახალი ამბები

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

11 მარტი, 2020 • 2287
რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1%-ს მაინც მიიღებენ. ამავდროულად, დაშვებულია ბლოკები, თუმცა – განსხვავებული ბარიერით. საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც უნდა შეადგენდეს.

პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

პოლიტიკური პარტიის/ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პროპორციული სისტემით მიღებული ხმების საერთო რაოდენობაში პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს. როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული
პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს.

გადაჭარბების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ბარიერგადალახულ ძალებზე განაწილდება.

მაჟორიტარული ოლქები

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, შეიქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი  კანონის მიღების დროისთვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად:

  • თბილისის მუნიციპალიტეტი: 1. მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები, 2. ვაკის რაიონი, 3. საბურთალოს რაიონი, 4. ისნის რაიონი, 5. სამგორის რაიონი, 6. დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები, 7. გლდანის რაიონი და  8. ნაძალადევის რაიონი;
  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;
  • გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;
  • რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
  • კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  • ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
  • ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
  • ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  • ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები;
  • წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;
  • ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;
  • ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

პროექტის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლით დადგენილი წესით. თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული იყო, რომ 2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, მხოლოდ პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდებოდა 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად, ყველა მომდევნო კი – სრულად პროპორციული სისტემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი