ახალი ამბები

პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შეთანხმებას მხარს არ დავუჭერთ – გოცირიძე

11 მაისი, 2020 • 1055
პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შეთანხმებას მხარს არ დავუჭერთ – გოცირიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუცო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

“შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე მხარს არ დავუჭერთ. შეთანხმება ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ასევე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ოპოზიციას ვერ გადააბრალებს.

“თავიდანვე ნათელი იყო ჩვენი დამოკიდებულება. ხელისუფლებას თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა, უჩვენოდაც ჩააგდებს, თუ გატანა უნდა, უჩვენოდაც გაიტანს. თუ ჩააგდებს, მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ქართველი ხალხის აზრი რომ არ აინტერესებს ივანიშვილს, ამას ყველა ხედავს, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება ძვირად დაუჯდება. გროვდება თანდათანობით მისი ქმედებები, რომელიც შეუძლებელია, რომ არ აისახოს მის მომავალზე”, – ამბობდ რომან გოცირიძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს, 11 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებით ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლების პირობა არ დაუდია და ელჩებს მოუწოდა, ამ საკითხს “ნათელი მოჰფინონ”. თალაკვაძის თქმით, “საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა”.

ამავდროულად, იმ კითხვის საპასუხოდ, “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია ენმ-ის და “ევროპული საქართველოს” ხმებიც, თუ “პატრიოტთა ალიანსის” და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით მაინც განახორციელებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ქართული ოცნებისთვის” პრინციპულად მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, თითოეულმა მხარემ და ზედმიწევნით შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება.

“ჩვენ ამ მოთხოვნას არ გადავუხვევთ”, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციის მტკიცებით, ეს განცხადება სწორედ მათ მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლების კონტექსტში იყო მიღებული და დახურულ მოლაპარეკებებზე დასახელდნენ კონკრეტული პირები (გიგი უგულავა, ბესიკ თამლიანი, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი), რომელთა პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც შეთანხმება შედგა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში არავის გათავისუფლების ან დაპატიმრების საკითხზე არ შეთანხმებულან.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს ეხებოდა, ხელი არ მოაწერა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის მისჯის საკითხზე აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მხარეებს მოუწოდეს, 8 მარტის შეთანხმება დაიცვან.

მასალების გადაბეჭდვის წესი