ახალი ამბები

მოკლედ: საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში

12 მარტი, 2020 • 1747
მოკლედ: საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს. ანგარიშში წლის განმავლობაში მომხდარი არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა აღწერილი.

ანგარიში საქართველოში მიმდინარე არაერთ მოვლენას ეხება, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნას, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, 21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს, პირადი ცხოვრების ხელყოფას, აჭარის ტელევიზიას და ა.შ. შესავალშივე წერია, რომ „ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევების ბრალდებების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები კვლავ რჩებოდა“;

მაგალიად, „პასუხისმგებლობის არქონა ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ შეუსაბამო პოლიციური ძალის გამოყენებაზე 20-21 ივნისის დემონსტრაციების დროს და 2017 წელს აზერბაიჯანული ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებაზე“.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევები იყო:

  • ოკუპირებულ ტერიტორებზე სიცოცხლის უკანონო აღკვეთისა და დაკავებების ფაქტები;
  • მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, გამოძიებები და სამართლებრივი დევნა, რომელსაც ფართო წრეები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ;
  • პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა;
  • ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება
  • მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებაში მნიშვნელოვანი ჩარევა, მათ შორის არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ
  • დანაშულები, მათ შორის ქვიარ ადამიანებზე ძალადობა და მუქარა;

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკულმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმაც“ გამოაქვეყნა ანგარიშები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ, სადაც საქართველოს რეიტინგი კიდევ 2 ქულით არის გაუარესებული.

სასამართლო

ანგარიში მიმოიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესებას და ციტირებს ადგილობრივ ორგანიზაციებისა და ეუთოს/ოდირის განცხადებებს ამ საკითხზე.

ანგარიშში დასახელებულია მოსამართლე ლევან მურუსიძე: წერია, რომ მას კორუფციაში ადანაშაულებენ და ნახსენებია არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდება „კლანის“ ლიდერობაზე.

ანგარიშის თანახმად, იმ პერიოდში, როდესაც მურუსიძის გამწესება განიხილებოდა, „სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციონერი ფიგურები და მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი მურუსიძეს და [უვადო მოსამრთლეობის] სხვა კანდიდატებს ადანაშაულებდა, რომ იყვნენ ნაწილი, ან მჭიდროდ დაკავშირებულები, მოსამართლეთა რეფორმირების წინააღმდეგი გავლენიანი ჯგუფისა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება „კლანად“ მოიხსენიებს“…

მურუსიძე 2018 წლის ბოლოს გამწესდა უვადო მოსამართლედ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ მიმართულებით ბოლო პერიოდის ცვლილებებიც არის განხილული: 2019 წლის დეკემბერში, წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში კიდევ 14 მოსამართლეე დანიშნა უვადოდ.

სხვადასხვა საქმე

ანგარიშში შევიდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება 2008 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით ფულის გათეთრების ბრალდებით.

ამ საქმესთან კავშირში ნახსენებია ტვ პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენება იმავე საქმესთან კავშირში. აღნიშნულია ისიც, რომ ტვ პირველის დამფუძნებელი ხელისუფლებას არხის გაკონტროლის მცდელობაში ადანაშაულებდა.

„თვითნებური დაპატიმრებების“ ნაწილში ნახსენებია 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება; ასევე, აქტივისტების დაპატიმრება დემონსტრაციების შემდეგ.

იქვეა ნახსენები მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობა და ვიდეოკადრები, რომელიც „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა: „მალხაზ მაჩალიკაშილი [მორის მაჩალიკაშვილის ბიძა] და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებდა, რომ მორის მაჩალიკაშვილი მხოლოდ ხალხისგან გამოსვლას ცდილობდა და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მორისის პატიმრობას ბიძამისზე ზეწოლისთვის იყენებდა“.

ანგარიშში ნახსენებია მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეც — ის 2017 წლის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციისას დაიჭრა და რამდენიმე კვირაში ამ ჭრილობით გარდაიცვალა. იქვე მოყვანილია ციტატა სახალხო დამცველის ანგარიშიდან, რომელიც ხაზს უსვამს გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების საჭიროებას. ეს სექცია სრულდება ცნობით, რომ მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიმოიხილავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ამბავსაც და წერს, რომ 2019 წელს ამ საქმის გამოძიება ისევ შეჩერებული იყო.

პირად ცხოვრებაში ჩარევა

ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეს, რომელიც პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას კრძალავს. ამასთან, წერია, რომ ადგილობრივი აქტორები მიუთითებდნენ, რომ ხელისუფლება ამ აკრძალვებს არღვევდა: უთვალთვალებდა პოლიტიკურ ოპონენტებს, ასევე, აზერბაიჯანელ აქტივისტებს, რომლებიც საქართველოს აფარებდნენ თავს; ნახსენებია შიშები სუს-ის მოსმენის/სათვალთვალო სისტემაში ზედამხედველობის მექანიზმების არარსებობასთან დაკავშირებით…

სახელმწიფო დეპარტამენტი ახსენებს ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასაც, რაც მმართველ პარტიასთან მის დაპირისპირებას მოჰყვა.

მედიაგარემო

ანგარიში აღწერს საქართველოს მედიაგარემოსაც და რამდენიმე ამბავს მიმოიხილავს, მათ შორის რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილებას, რაც ივლისში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში მოხვდა აჭარის მაუწყებელში განვითარებული მოვლენებიც: ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი, ის პროცესები, რაც იმპიჩმენტს წინ უძღოდა და ისინიც, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია არაერთი განცხადება სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციების გაერთიანების მხრიდან, რომლებიც კაპანაძის იმპიჩმენტს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ ნაბიჯით ძლიერდებოდა ეჭვები შესაძლო პოლიტიკური ჩარევის შესახებ.

ვრცლად წაიკითხეთ აქ

აღნიშნულია ისიც, რომ მართალია, მედიის წარმომადგენლების მიმართ დანაშაულები იშვიათი იყო, 20-21 ივნისის დემონსტრაციისას ჟურნალისტებიც დაშავდნენ და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, სპეციალურად იყვნენ მიზანში ამოღებულები.

ამის მაგალითად მოყვანილია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება, სადაც ქარტია წერს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს მიზანში იღებდა იმის მიუხედავად, რომ მათი, როგორც ჟურნალისტების, იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო; აქციებისას დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი.

აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების ინციდენტებს საერთო საქმის ნაწილად განიხილავდნენ [და არა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით]; „TI-ს და საიას მოწოდებების მიუხედავად, ჟურნალისტებს ჰკითხავდნენ, როგორც მოწმეებს და არა როგორც დაზარალებულებს“.

მედიის ნაწილში საუბარია ტვ პირველის შესახებაც და მოყვანილია მისი მფლობელის, ვახტანგ (ვატო) წერეთლის განცხადებები, რომლითაც ის ხელისუფლებას არხის გაკონტროლების მცდელობაში ადანაშაულებდა.

ქვიარ ადამიანების უფლებები

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს გენდერულ იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო ჩდენილი დანაშაულის ჩადენის დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩათვლას, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, პრაქტიკაში სამართალდამცავები ამას არ ითვალისწინებენ.

ანგარიშში სახალხო დამცველზე დაყრდნობით წერია, რომ ლგბტი ადამიანები სისტემურ ძალადობას, ჩაგვრას, არატოლერანტულობასა და დისკრიმინაციას აწყდებიან როგორც საჯარო სივრცეში, ასევე ოჯახებში…

ნახეთ ასევე:

Freedom House-ის ახალ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი ერთი ქულით შემცირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი