ახალი ამბები

Freedom House-ის ახალ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი ერთი ქულით შემცირდა

5 თებერვალი, 2019 •
Freedom House-ის ახალ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი ერთი ქულით შემცირდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი პუბლიკაციის (“თავისუფლება მსოფლიოში 2019“) თანახმად, საქართველოს რეიტინგი ერთი მაჩვენებლით შემცირდა და შესაძლებელი 100-დან 63 ქულა დააგროვა.

წინა წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა [0 “ყველაზე არათავისუფალს” შეესაბამება, 100 – “ყველაზე თავისუფალს”]. შარშანაც და წელსაც ქვეყანა მოხვდა “ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების” ჩამონათვალში. ჩვეულებრივ, “ფრიდომ ჰაუსი” ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: “თავისუფალი”, “ნაწილობრივ თავისუფალი” და “არათავისუფალი”. საქართველო უკვე წლებია სწორედ მეორე კატეგორიაში ხვდება.

ორგანიზაცია სამი დამატებითი კატეგორიით აფასებს ქვეყნებს — ზოგადად, “თავისუფლების”, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო უფლებების მიხედვით. წელსაც, შარშანდელის მსგავსად, პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 3 ქულა უწერია [1 ქულა საუკეთესოა, ხოლო 7 -ყველაზე ცუდი], სამოქალაქო უფლებებში — საქართველომ ასევე 3 ქულა მიიღო, ხოლო ქვეყნის თავისუფლების რეიტინგიც სამია.

ჯერჯერობით Freedom House-ს არ გამოუქვეყნებია სრული ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემური საკითხი უნდა იყოს განხილული. ორგანიზაციის მეთოდოლოგიას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

ანგარიშში ფრიდომ ჰაუსი ცალკე განიხილავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სადავო ტერიტორიების კატეგორიაში. ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთიც “ნაწილობრივ თავისუფალია”, ხოლო სამხრეთ ოსეთი “თავისუფალი არ არის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი