ახალი ამბები

რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე

21 მარტი, 2023 • 817
რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე

სახელმწიფო დეპარტამენტის 20 მარტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გარანტირებულია, კლავ შეინიშნება სასამართლო სისტემაში ჩარევის ნიშნები. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებისა და ინდივიდების საქმეების განხილვისას, მოსამართლეები მოწყვლადი არიან პოლიტიკური წნეხის მიმართ როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე გარეთ.

დოკუმენტში სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „კოალიცია გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოთქვამს მართლმსაჯულების სისტემაში დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო. გასულ წელს გამოკვეთილ პრობლემებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გარკვეული ჯგუფის გავლენების არსებობა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ჯგუფს „კლანად“ მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დიდი გავლენა აქვს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე, მათ შორის საუბრობენ მანიპულაციებზე საქმეების განაწილების სისტემაში და საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობაზე.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის 4 ტალღის ანალიზის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო რეფორმები არაეფექტური იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა საქართველოს წამოუყენა  12 წინაპირობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელთაგან ერთი მართლმსაჯულების რეფორმირებას გულისხმობს. დოკუმენტში ვკითხულობთ- „კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა და კანონში შესატანი ცვლილებები არ არის მიმართული სისტემაში არსებული მთავარი პრობლემების გადაჭრისკენ, როგორიცაა არაფორმალური კლანის გავლენა სისტემაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 2022 წელს, რამდენიმე ყოფილმა მოსამართლემ საჯაროდ დაადასტურა, რომ სპეციფიკურ საქმეებზე სხვა მოსამართლეების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ NGO-ები მიუთითებენ, რომ რიგ შემთხვევებში, როცა საქმე პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებს ეხება, სასამართლოს მიდგომა არათანმიმდევრულია. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ არ ხდება მოსმენების დახურვის აუცილებლობის განმარტება.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრაქტიკაზე და ამ კონტექსტში სახელდება მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მოსამართლეთა ნაკლებობაში ბრალი მიუძღვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც ხელს უშლის სისტემაში ახალი კანდიდატების შესვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი