საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი პუბლიკაციის („თავისუფლება მსოფლიოში 2020“) თანახმად, საქართველოს რეიტინგი შარშანდელთან შედარებით ორი მაჩვენებლით შემცირდა და შესაძლებელი 100-დან 61 ქულა დააგროვა. ანგარიში 4 მარტს გამოქვეყნდა.
0 ქულა „ყველაზე არათავისუფალს“ შეესაბამება, 100 ქულა – „ყველაზე თავისუფალს“. 2018 წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, 2019 წელს — 63, წელს კი 61 აქვს.
მთელს ამ პერიოდში, წლევანდელის ჩათვლით, ქვეყანა ხვდება „ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების“ ჩამონათვალში. ჩვეულებრივ, „ფრიდომ ჰაუსი“ ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. საქართველო უკვე წლებია მეორე კატეგორიაში ხვდება.
ანგარიშის წლევანდელი მეთოდოლოგიის თანახმად, ორგანიზაცია ორი კატეგორიით აფასებს ქვეყნის თავისუფლების დონეს — პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს — 60.
პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 24/40 ქულა უწერია, სამოქალაქო უფლებების ნაწილში — 37/60. დეტალური დასაბუთება, თუ რა მოვლენების გამო მოხდა ორი ქულის ჩამოკლება და რა მოვლენები შევიდა ანგარიშში, ჯერ არ გამოქვეყნებულა.
2019 წლის ძირითად მოვლენებში სხვადასხვა მიმომხილველი, სხვა მოვლენებთან ერთად, ასახელებს 20-21 ივნისის დემონსტრაციის დარბევას, ამ დარბევის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ გაცემული პირობის ჩაგდებას, რასაც ასევე დემონსტრაციები მოჰყვა, აქტივისტების პოლიტიკური ფიგურების დაკავება-დაპატიმრებას და მოსამართლეების უვადოდ გამწესებას.
გარეკანის ფოტოზე – 20 ივნისის ღამე რუსთაველის გამზირზე. გიორგი არჯევანიძის ფოტო
შარშანდელი შედეგი ნახეთ აქ:
Freedom House-ის ახალ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი ერთი ქულით შემცირდა