ახალი ამბები

5-წლიანი რესტრუქტურიზაცია დავალიანების მქონე ტელევიზიებს

20 თებერვალი, 2020 • 792
5-წლიანი რესტრუქტურიზაცია დავალიანების მქონე ტელევიზიებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანი თქმით, ტელევიზიებმა, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წლობით დაგროვილი დავალიანება აქვთ, გადახდის 5-წლიანი გრაფიკი წარმოადგინეს. ამის შესახებ მაჭავარიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მსხვილი ტელევიზიები თავს არიდებდნენ გადასახადის გადახდას. მან პოზიტიურად შეაფასა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება, როდესაც შემოსავლების სამსახურმა ტელევიზიებს მიმდინარე დავალიანების დაფარვა მოსთხოვა. რაც შეეხება არსებულ დავალიანებებს, მინისტრმა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა და თქვა:

“რაც შეეხება ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს, როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ მაუწყებლებთაან. მათი მხრივ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდებოდა დაგროვილი დავალიანების დაფარვა.

დღეის მდგომარეობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტელევიზიების მხრიდან უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახდო შეთანხმების თხოვნით. ამ წინადადების მიხედვით, ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე დეკლარირებული გადასახადის გადახდას. აღნიშნული გრაფიკი ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემთ, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დავალიანების დაფარვა ნიშნავს იმას, რომ მაუწყებლები პირველად ჩადგებიან თანაბარ კონკურენტულ მდგომარეობაში ერთმანეთთან და “სატელევიზიო ბაზარზე სრულად ჩამოყალიბდება თამაშის ერთიანი წესები”.


იანვრის მონაცემებით, ტელეკომპანიების დავალიანებები ბიუჯეტის მიმართ ამგვარი იყო:

იანვარში იმედსა და მაესტროს, ათეულობით მილიონიანი დავალიანების მიუხედავად, განსხვავებით ტვ პირველისა და კავკასიისაგან, ინკასო არ დაედოთ, რადგან ისინი მიმდინარე, ანუ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, გადასახადებს იხდიდნენ. რ2-ს ინკასო დაედო არა ძველი, 24- მილიონიანი დავალიანების გამო, არამედ იმიტომ, რომ პირველი ოქტომბრიდან არსებული დავალიანებაც დაუგროვდა. ტვ პირველმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გადასახადი გადაიხადეს და ინკასო მოეხსნათ.

როგორ დაგროვდა ვალი?

ეს პროცესი 2016 წლიდან იწყება, როდესაც რ2-ის მაშინდელმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირველად განაცხადა, რომ კომპანიას ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების ნაწილში პრობლემები შეექმნა. გვარამია აცხადებდა, რომ ამის მიზეზი ქიბარ ხალვაშის მიერ დაწყებული სასამართლო დავის ფარგლებში კომპანიის წილებსა და ქონებაზე დადებული ყადაღა იყო, რომელიც კომპანიას ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში პრობლემას უქმნიდა. 2017 წელს გადასახადების გადახდა ტელეკომპანია იმედმაც შეწყვიტა. არხის იურისტის, ანდრო ლაშხის განმარტებით, ამის მიზეზი სწორედ რ2 იყო, რომელიც გადასახადის არგადახდის და პირობების გამო “იმედს” კონკურენციაში აჯობებდა.

2019 წლის აგვისტოში ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მაუწყებლებს ერთი თვე მისცა დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე წინადადებების მოსაფიქრებლად. რესტრუქტურიზაცია დავალიანების დაფარვის პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა/კომპანიამ ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს. მაჭავარიანის თქმით, ძველი პრაქტიკა, როცა ტელევიზიები “საგადასახადო ამნისტიით” სარგებლობდნენ, აღარ იქნება. მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, როცა მსხვილი ტელევიზიები არ იხდიდნენ გადასახადს, უსამართლო იყო “პატარა ტელევიზიების” მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად აკეთებდნენ ამას.

ტელეკომპანია კავკასიამ გადასახადების გადახდა მიმდინარე წლის აგვისტოდან შეწყვიტა. როგორც თვითონ ამბობს, მიზანმიმართულად, რადგან შეიტყო სხვა, კონკურენტი ტელევიზიების დავალიანებების და სახელწმიფოს დისკრიმინაციული მიდგომის შესახებ, რაც მას სხვებთან შედარებით არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებდა: როცა კავკასია გადასახადს იხდიდა, მისი კონკურენტები ამ ფულით ავითარებდნენ ტექნიკას, ქირაობდნენ ახალ თანამშრომლებს, ყიდულობდნენ პროექტებს და ა.შ.

მოვითხოვთ, ჩაგვაყენოთ ყველა დანარჩენი ტელეკომპანია თანაბარ მდგომარეობაში და არათუ დღეისთვის არსებული დავალიანებები გადაგვინაწილოთ გადახდის იგივე გრაფიკით, არამედ ამ არხების დავალიანების თანხის პროპორციული (ყოველი ცალკეული არხის შემოსავლებთან მიმართებაში, ან დავალიანების დაგროვების პერიოდის გათვალისწინებით) მოცულობის ბიუჯეტში გადახდილი თანხები დაგვიბრუნოთ უკან და მოგვცეთ საშუალება, ბიუჯეტს ეს თანხები გადავუხადოთ იმავე გრაფიკით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ტელეკომპანები დაფარავენ ძველ დავალიანებას”, – ამონარიდი კავკასიის განცხადებიდან.

უსამართლობაზე საუბრობენ რეგიონული ტელევიზიებიც. მათი ალიანსის წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ არათუ დღეს, არამედ გასულ წლებშიც, როდესაც სამინისტრო ტელევიზიების ნაწილს მილიონიან დავალიანებებს აგროვებინებდა, რეგიონულ არხებს 1000 და 2000 ლარის გამო ადებდნენ ინკასოებს.

ამავე თემაზე

რატომ დავობენ ტელევიზიები – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი