ახალი ამბები

გვარამიას თქმით, რ2 ყადაღის გამო საგადასახადო ვალდებულებებს ვერ ასრულებს

29 დეკემბერი, 2016 • 1856
გვარამიას თქმით, რ2 ყადაღის გამო საგადასახადო ვალდებულებებს ვერ ასრულებს

ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის გამო, რომ რუსთავი 2-სა და მის მეწილე TV საქართველოს ყადაღა ადევს, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. როგორც გვარამიამ დღეს, 29 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია ჯერჯერობით თანამშრომლებს ხელფასებს არ უგვიანებს, თუმცა, თუ მათ ყადაღა არ მოეხსნებათ, რუსთავი 2 შიდა ვალდებულებების შესრულების პრობლემის წინაშეც აღმოჩნდება:

“წელიწადზე მეტი გავიდა, რაც რუსთავი 2-ის და TV საქართველოს მთელ ქონებას  ყადაღა ადევს. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივმართოთ ნებისმიერ საბანკო თუ საფინანსო ინსტიტუციას ოვერდრაფტისთვის, სესხისთვის,  რასაც ყველა ნორმლაური ბიზნესი აკეთებს მსოფლიოში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა. სამწუხაროდ, პერიოდულად ვაგვიანებთ ჩვენი ვადლებულებების შესრულებას კრედიტორების წინაშე და ახლა უკვე დადგა ის მომენტი, როდესაც ვაგვიანებთ ჩვენი საგადასახადო ტვრთის აღსრულებას. უკვე ერთი თვეა, რაც რუსთავი 2-მა ვერ შეძლო დეკლარირებული გადასახადის სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხვა. საგადასახდო სამსახურმა ერთი თვე გვადროვა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას, რომ გაგებით მოეკიდა ჩვენს მძიმე სიტუაციას, მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ სიტუაციაში [ჩავარდნა], მათ შორის სახელმწიფოს წინაშე ჩვენი ვადლებულებების შეუსრულებლობა, მთლიანად გამოწვეულია სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით (ეს გადაწყვეტილება კი სახელმწიფოს მიერაა უზრუნველყოფილი) და ეს იმ ბრძოლის ბრალია, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ უკანონოდ აწარმოებს ქართული სახელმწიფო და რაშიც, სამწუხაროდ, ჩართულია სასამართლო სისტემა”, – განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის დირექტორის თქმით, უზენაესმა სასამართლომ აქამდე ვერ გამონახა დრო იმისათვის, რომ ყადაღის მოხსნის თაობაზე მათ შუამდგომლობაზე ემსჯელა. გვარამიას თქმით, თუ სასამართლო საქმის დასრულებამდე ყადაღა მოიხსნება, ეს რუსთავი 2-ს ფინანსურად გამართულად ოპერირების საშუალებას მისცემს.

“დღეს უკვე მივედით ამ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შიდა ვალდებულებების გასტუმრება, მაგრამ გარე, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების პრობლემა გვიდგას. აუცილებლად დავდგებით იმ მომენტის წინაშეც, როცა ჩვენ უკვე შიდა ვალდებულებების გასტუმრების პრობლემაც გვექნება.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და მივმართავ სასამართლო ხელისუფლებას: დაანებეთ რუსთავი 2-ს თავი. რუსთავი 2-ის საქმე ობიექტურად გადაწყვიტეთ და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა ისე, როგორც ეს ამხელა კომპანიას შეეფერება. მივმართავ საგადასახადო სამსახურსაც: როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევასრულებთ საგადასახო ვალდებულებას, ვიდრე ეს დავა არ მორჩება, ან თუ მანამდე ჩვენს ქონებას არ მოეხსნება ყადაღა. ჩვენი ანგარიშებისთვის საინკასო დავალების დადება  საგასადახადო სამსახურის მხრიდან იქნება ჩვენი ფინანსური მკვლელობა. ახლა მისი გადასაწყვეტია, მისი დისკრეციის ფარგლებში უარს იტყვის საინკასო დავალებაზე, თუ პირდაპირ მოკლავს რუსთავი 2-ს ფინანსურად”, – თქვა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი