ახალი ამბები

ტელევიზიებს ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებების წარდგენის ვადა თვის ბოლომდე მიეცათ

14 აგვისტო, 2019 • 1860
ტელევიზიებს ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებების წარდგენის ვადა თვის ბოლომდე მიეცათ

ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი მსხვილი დავალიანება აქვთ, თვის ბოლომდე აძლევს ვადას, რათა მათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები წარმოადგინონ.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებაში განმსაზღვრელი იქნება ის, თუ რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება გადამხდელი ამ ვალდებულებას.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი დავალიანება აქვს 3 ტელევიზიას:

  • “რუსთავი 2” – დაახლოებით 28 მილიონი;
  • “იმედი” – დაახლოებით 19 მილიონი;
  • “მაესტრო” – 8 მილიონზე მეტი.

“ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანება. საქართველოში, სამწუხაროდ, არის მანკიერი პრაქტიკა, როცა ტელეკომპანიები იგროვებდნენ უარს და მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიისმაგვარი. მე მგონია, დადგა დრო, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე რატომ გახდა ამ პრობლემის გადაწყვეტა აუცილებელი მაინც და მაინც ახლა, როცა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გაყიდვის საკითხი წყდება, მაჭავარიანი პასუხობს:

“ყველამ ვიცით პოლიტიკური კონტექსტი, ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესია, მედიამ იფუნქციონიროს. უბრალოდ რაც არის არსებობისთვის აუცილებელი, ეს არის ერთი ნაწილი და ყოველთვის შეხვალ მათ მდგომარეობაში, მაგრამ მეორე არის დაუსჯელობის სინდრომი – ძალა მაქვს და გამდგის, იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება სპეკულაცია, რომ თავისუფალ მედიას ებრძვი. შესაბამისად, ამას უდა დაედოს ბოლოს, ზუსტად იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ დღეს ხდება ყიდვა-გაყიდვა”.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ჩამოყალიბებული პრაქტიკა უსამართლოა პატარა ტელევიზიების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს.

“ვიცით, რომ დავალენება დიდია და ერთბაშად მათი დაფარვა ტელეკომპანიებს გაუჭირდებათ. ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ 1-2 კვირაში, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ველოდებით, რომ მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, თუ როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას. ეს რაც შეეხება ძველ დავალიანებას, მიმდინარე დავალიანებები კი დღეიდანვე ყველამ უნდა გადაიხადოს და აღარ მოახდინოს ვალის დაგროვება”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი