ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ დავობენ ტელევიზიები – მოკლედ და გასაგებად

27 დეკემბერი, 2019 • 5591
რატომ დავობენ ტელევიზიები – მოკლედ და გასაგებად

25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კავკასიისა, ერთი რეგიონული მაუწყებლისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს მიმდინარე დავალიანებების გამო ინკასო დაადო.

მანამდე ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიის, ტვ პირველის და სხვების შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია ტელეკომპანია იმედზე, მაესტროსა და რ2-ზე, რომლებსაც ჯამურად ათეულობით მილიონლარიანი ძველი დავალიანება დაუგროვდათ.

რა ხდება?

ინკასო ადევს ტვ პირველის, რ2-ის, კავკასიისა და ერთ-ერთი რეგიონული ტელევიზიის ანგარიშებს. ინკასო არის იძულებითი საგადასახდო ინსტრუმენტი შემოსავლების სამსახურის ხელში დავალიანების ამოსაღებად. როდესაც ამ კომპანიების ანგარიშებზე გარკვეული თანხები ჩაირიცხება, საგადასახადო უწყება მათ დავალიანების გასტუმრებისათვის ბიუჯეტისკენ მიმართავს.

“უსამართლო დისბალანსი”

ტელეკომპანია “კავკასია” და ტვ პირველი ინკასოს დადებას უსამართლობად მიიჩენევენ, იგივე პოზიცია აქვს რ2-ს, რომელიც თვლის, რომ მიმდინარე დავალიანების აღმოსაფხვრელად მეტი დრო უნდა მისცემოდა.

“კავკასია” და ტვ პირველი ხაზს უსვამენ, რომ მათზე ბევრად დიდი დავალიანება აქვთ “იმედს”, “მაესტროსა” და რ2-ს, თუმცა შემოსავლების სამსახური ინკასოს მათ წინააღმდეგ არ იყენებს. აღსანიშნავია, რომ რ2-ს ამჟამად ინკასო არა ძველი დავალიანების, არამედ მიმდინარე (2019 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) ვალის გამო დაედო.

რამდენია ვალი?

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიების დავალიანებები ბიუჯეტის მიმართ ამგვარია:

იმედსა და მაესტროს ათეულობით მილიონიანი დავალიანების მიუხედავად ინკასო არ დაედო, რადგან ისინი მიმდინარე ანუ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული გადასახადებს იხდიან. რ2-ს ინკასო დაედო არა ძველი, 24 მილიონიანი დავალიანების, არამედ იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრიდან არსებული დავალიანებაც დაუგროვდა.

როგორ დაგროვდა ვალი?

ეს პროცესი 2016 წლიდან იწყება, როდესაც რ2-ის მაშინდელმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირველად განაცხადა, რომ კომპანიას ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების ნაწილში პრობლემები შეექმნა. გვარამია აცხადებდა, რომ ამის მიზეზი ქიბარ ხალვაშის მიერ დაწყებული სასამართლო დავის ფარგლებში კომპანიის წილებსა და ქონებაზე დადებული ყადაღა იყო, რომელიც კომპანიას ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში პრობლემას უქმნიდა. 2017 წელს გადასახადების გადახდა ტელეკომპანია იმედმაც შეწყვიტა. არხის იურისტის, ანდრო ლაშხის განმარტებით, ამის მიზეზი სწორედ რ2 იყო, რომელიც გადასახადის არ გადახდის და პირობებში “იმედს” კონკურენციაში აჯობებდა.

2019 წლის აგვისტოში ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მაუწყებლებს ერთი თვე მისცა დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე წინადადებების მოსაფიქრებლად. რესტრუქტურიზაცია დავალიანების დაფარვის პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა/კომპანიამ ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს. მაჭავარიანის თქმით, ძველი პრაქტიკა, როცა ტელევიზიები “საგადასახადო ამნისტიით” სარგებლობდნენ, აღარ იქნება. მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, როცა მსხვილი ტელევიზიები არ იხდიდნენ გადასახადს, უსამართლო იყო “პატარა ტელევიზიების” მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად აკეთებდნენ ამას.

ტვ პირველში ამბობენ, რომ გადასახადების გადახდის პრობლემა მიმდინარე წლის ნოემბერში შეექმნათ და 16 დეკემბერს სამინისტროს გადასახადის იანვრამდე გადატანის თხოვნით მიმართეს, თუმცა, როგორც საბოლოოდ გაირკვა, უშედეგოდ.

ტელეკომპანია კავკასიამ გადასახადების გადახდა მიმდინარე წლის აგვისტოდან შეწყვიტა. როგორც თვითონ ამბობს, მიზანმიმართულად, რადგან შეიტყო სხვა, კონკურენტი ტელევიზიების დავალიანებების და სახელწმიფოს დისკრიმინაციული მიდგომის შესახებ, რაც მას სხვებთან შედარებით არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებდა: როცა კავკასია გადასახადს იხდიდა, მისი კონკურენტები ამ ფულით ავითარებდნენ ტექნიკას, ქირაობდნენ ახალ თანამშრომლებს, ყიდულობდნენ პროექტებს და ა.შ.

მოვითხოვთ, ჩაგვაყენოთ ყველა დანარჩენი ტელეკომპანია თანაბარ მდგომარეობაში და არათუ დღეისთვის არსებული დავალიანებები გადაგვინაწილოთ გადახდის იგივე გრაფიკით, არამედ ამ არხების დავალიანების თანხის პროპორციული (ყოველი ცალკეული არხის შემოსავლებთან მიმართებაში, ან დავალიანების დაგროვების პერიოდის გათვალისწინებით) მოცულობის ბიუჯეტში გადახდილი თანხები დაგვიბრუნოთ უკან და მოგვცეთ საშუალება ბიუჯეტს ეს თანხები გადავუხადოთ იმავე გრაფიკით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ტელეკომპანები დაფარავენ ძველ დავალიანებას”, – ამონარიდი კავკასიის განცხადებიდან.

უსამართლობაზე საუბრობენ რეგიონული ტელევიზიებიც. მათი ალიანსის წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ არათუ დღეს, არამედ გასულ წლებშიც, როდესაც სამინისტრო ტელევიზიების ნაწილს მილიონიან დავალიანებებს აგროვებინებდა, რეგიონულ არხებს 1000 და 2000 ლარის გამო ადებდნენ ინკასოებს.

უშედეგო შეხვედრა

27 დეკემბერს ტვ პირველის დირექტორები, კავკასიის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი და რეგიონული ტელევიზიების წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი ფინანასთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს შეხვდნენ. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, კავკასიასა და ტვ პირველს ინკასო არ მოეხსნათ. ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ეს ინკასო სერიოზულ პრობლემებს უქმნის კომპანიის მუშაობას.

10-წლიანი რესტრუქტურიზაცია იმედს, რ2-ს და მაესტროს?

ფინანასთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნინო ჯანგირაშვილმა და ინგა გრიგოლიამ თქვეს, რომ სამინისტრო იმედის, მაესტროს და რ2-ის დავალიანებებთან დაკავშირებით 10-წლიანი რესტრუქტურიზაციის გრაფიკის მიღებას აპირებს, რაც ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ნიშნავს, რომ ეს “ნაჩუქარი თანხაა”. მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ 10 წელზე “შეთანხმება მიღწეული არ არის.  10 იქნება, 7 თუ 5, ამას გაიგებთ”.

ფინანსთა სამინისტროს პოზიცია

ვანო მაჭავარიანი ფორბსთან აცხადებს, რომ მაესტროს, იმედსა და რ2-ს ჯამურ 50-მილიონიან დავალიანებას ერთბაშად ვერ მოსთხოვენ, რადგან ეს მათ საქმიანობას გააჩერებს და ცხელ პოლიტიკურ პერიოდში მედიაზე ზეწოლად ჩაითვლება.

“ამიტომ ვთქვით, მოდით, ამ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციაზე დავიწყოთ მუშაობა და მიმდინარე აღარ დავაგროვოთ. ამის შემდეგ იწყება მოლაპარაკებები, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რადგან მძიმე ტვირთია. ამ დროს შევთანხმდით, რომ მიმდინარე დავალიანება უნდა ყოფილიყო გადახდილი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგრიაშვილის შეფასებით, ფინანასთა სამინისტროს მხრიდან არასწორია ტელევიზიების ვალის 2 ნაწილად გაყოფა: 2019 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის (ძველი) და მის შემდეგ (ანუ მიმდინარე), მით უმეტეს, რომ ამის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ნინო ჯანგირაშვილი მოითხოვს მათ ანგარიშებზე დადებული ინკასოს გაუქმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი