ნეტგაზეთი | მიმდინარე დავალიანება არ გვაქვს, შესაბამისად, ინკასოს საფუძველი არ არსებობს – იმედის იურისტი მიმდინარე დავალიანება არ გვაქვს, შესაბამისად, ინკასოს საფუძველი არ არსებობს – იმედის იურისტი – Netgazeti

მიმდინარე დავალიანება არ გვაქვს, შესაბამისად, ინკასოს საფუძველი არ არსებობს – იმედის იურისტი

ტელეკომპანია “იმედის” იურისტი ანდრო ლაშხი აცხადებს, რომ “იმედმა” მიმდინარე გადასახადების გადახდა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო.

მისივე თქმით, ტელევიზია 2017 წლიდან გადასახადებს აღარ იხდიდა, რის გამოც ამ დროისთვის “იმედის” დავალიანება შეადგენს 19 მლნ ლარს, “მაესტროსი” კი- დაახლოებით 8 მლნ ლარს. ამის მიზეზად ლაშხი რუსთავი 2-ს ასახელებს და ამბობს, რომ ბიუჯეტში ფული რომ შეეტანათ, რუსთავი 2-ს შესაბამის კონკურენციას ვეღარ გაუწევდნენ.

“2017 წელს “იმედი” იძულებული გახდა, შეეწყვიტა ბიუჯეტში ფულის გადახდა. ეს ტელეკომპანიის მხრიდან რაიმე საპროტესტო აქტი ან ვიღაცის მიბაძვა არ ყოფილა. საქმე იყო შემდეგში: როდესაც ჩვენს პირდაპირ კონკურენტს მოუწევდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, [დიდი ტელევიზიების შემთხვევაში კოლოსალურ თანხებზეა საუბარი], ეს უკანასკნელი ამ თანხას არა საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ, მაგალითად, ტელეპროდუქციის გასაუმჯობესებლად გამოიყენებდა. ამიტომ, არჩევანის წინაშე დავდექით: ან კონკურენციას უნდა დავწეოდით და მიგვეღო შესაბამისი ზომები, ან უბრალოდ ჩიხი იყო. ეს იყო მიზეზი, რის გამოც იძულებული ვიყავით, გადასახადების გადახდა შეგვეწყვიტა”,-აცხადებს “იმედის” იურისტი.

როგორც ანდრო ლაშხი ირწმუნება, კომპანიამ გადასახადების გადახდა 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მათ მიმართ ინკასო არ გამოუყენებია. მისი თქმითვე, “იმედი” ამ დავალიანებას “ბოლო თეთრამდე” გადაიხდის:

“როდესაც ფინანსთა მინისტრმა აგვისტოში თქვა, რომ მიმდინარე გადასახადების გადახდა ყველამ უნდა დაიწყოსო, ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. რაც შეეხება ძველ დავალიანებას, მინისტრმა ასევე თქვა, რომ ტელევიზიებს მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინათ, ანუ რესტრუქტურიზაციის გეგმა წარედგინათ. ჩვენ ყველა ეს პირობა შევასრულეთ. მიმდინარე დავალიანება არ გვერიცხება, შესაბამისად, “იმედის” ან “მაესტროს” მიმართ ინკასოს საფუძველი არ არსებობს”.

გუშინ, 25 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედო. მანამდე ფინანასთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს მიმდინარე დავალიანების  ანუ 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა.

ტელეკომპანია “პირველი” და “კავკასია” მიიჩნევენ, რომ ფინანსთა სამინისტრო მათ დისკრიმინაციულად ეპყრობა და რასაც პატიობს სხვა ტელეარხებს, არ პატიობს მათ და ინკასოს ადებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.