ახალი ამბებისაზოგადოება

GNCC მედიაკრიტიკას იწყებს – რატომ და რისთვის?

25 დეკემბერი, 2019 • 6966
GNCC მედიაკრიტიკას იწყებს – რატომ და რისთვის?

მედიის კრიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს მედიაკრიტიკის ახალ პლატფორმას, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შექმნა:

  • მიაჩნიათ, რომ ამ პრაქტიკის დამკვიდრებით მარეგულირებელი კომისია საკუთარ მანდატს სცდება და თვითრეგულირების საკითხებში იჭრება, რადგან შინაარსის კრიტიკას იწყებს;
  • ამ ნაბიჯს მიიჩნევენ კომისიის მისწრაფების გამოვლინებად, რასაც ცენზურისკენ მიმავალ გზად განიხილავენ;
  • შიშობენ, რომ ამ პლატფორმას ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიების საწინააღმდეგო იარაღად გამოიყენებენ;

კომისია ამ აქცენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „კომუნიკაციების კომისიას და მედიააკადემიას თვითრეგულირებაში შეჭრის არც სურვილი და ან რაიმე სახის მექანიზმი გააჩნია“ და „დასკვნებს მთავარი შემფასებელი — საზოგადოება გააკეთებს“.

რა ხდება?

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC-მ) მედიაკრიტიკის ახალი პლატფორმა — Mediactiric.ge — შექმნა, რომლის მიზანია, იყოს „გზამკვლევი საზოგადოებასა და მედიას შორის“ და „ხელი შეუწყოს ჟურნალისტების პროფესიულ განვითარებას“.

საიტის თანახმადვე, პლატფორმის მიზანია ასევე „საზოგადოებისთვის პროფესიული და კვალიფიციური ანალიზის მიწოდება, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და, საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა“.

მეტი ამ პლატფორმის შესახებ

GNCC-ის პრესრელიზში წერია:

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ონლაინ და სოციალური მედია ხშირად ინფორმაციულ ქაოსს ქმნის, ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ფეიკ-ნიუსები, საზოგადოებას სჭირდება მაღალი სტანდარტის მედიაკრიტიკა, რომელიც შექმნის ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს…

შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ დააფუძნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი და მედიააკადემია, რომელიც მედიაკრიტიკის ვებ-პლატფორმის გარდა, კიდევ ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: მედიასკოლა – რომელიც მედია-მენეჯერებს, პროდიუსერებსა და ჟურნალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და მედიალაბი – ლაბორატორია, რომელიც მიზნად ისახავს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას;

როგორც „ნეტგაზეთს“ მისწერა კომისიამ:

მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით, მედიააკადემიამ პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად,  შეიმუშავა საკუთარი მედიაპლატფორმა,  სარედაქციო კოდექსი, რომელსაც ეფუძნება მედიააკადემიაში მიმდინარე სასწავლო-აკადემიური პროცესიც.

ინფორმაციის სიზუსტე; მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება; საზოგადოებრივი ინტერესი და ანგარიშვალდებულება; ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა; ბალანსი; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; სარედაქციო დამოუკიდებლობა და ნდობა – ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელსაც მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი ეფუძნება. mediacritic.ge სწორედ ამ პრინციპებზე დამყარებულ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას და ასევე, ხელს შეუწყობს მედიაკრიტიკოსთა პროფესიული წრის ჩამოყალიბებას.

საიტმა უკვე დაიწყო სხვადასხვა ავტორის სხვადასხვა ტიპის მასალის გამოქვეყნება ისე, რომ ვებგვერდზე ნათლად მითითებული არ არის, რომ მას კომუნიკაციების კომისია ამუშავებს.

გვერდზე, „ჩვენ შესახებ“, ნახსენებია, რომ „მედიაკრიტიკა მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულებაა“, თუმცა არ არის განმარტებული, რომ მედიააკადემია, თავის მხრივ, GNCC-ის პროექტია.

სქრინშოტი mediacritic.ge-ს საიტიდან

ერთადერთი რამ, რაც საიტს კომისიასთან პირდაპირ აკავშირებს, მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ლოგო/ბმულია, რომელზეც წარწერა იმდენად მცირე ზომისაა, რომ არ იკითხება.

არსებობს თუ არა მსგავსი პრაქტიკა?

„ნეტგაზეთმა“ კომისიას ჰკითხა, თუ არსებობს რომელიმე ქვეყანაში პრაქტიკა, როდესაც ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი უწყება ქმნის მედიაკრიტიკის პლატფორმას [ანუ არა უბრალოდ შეიმუშავებს რეკომენდაციას საუკეთესო სტანდარტებზე, არამედ სახელდებით აფასებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას]. კომისიიდან გვიპასუხეს, რომ:

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, განვითარებულ დემოკრატიებში არსებობს საზოგადოების დაცვის არაერთი მექანიზმი. საზოგადოებას, მედიაპროდუქტების მომხმარებლებლებს, სჭირდება კვალიფიციური და მიუკერძოებელი მედიაკრიტიკა. მთავარი პრინციპი ის არის, რომ მედია-ვოჩდოგი იყოს დამოუკიდებელი; მედიაკრიტიკის [Mediactiric.ge-ს] შემთხვევაში, როგორც დაფინანსების ნაწილში, ისე მართვაში, დამოუკიდებლობა სრულად გარანტირებულია“.

კომისიამ მაგალითებად დაგვისახელა Aim.org და Fair.org. AIM კონსერვატორული ღირებულებების მქონე ე.წ „ვოჩდოგია“ („მოდარაჯე ძაღლი“), რომელიც მხარს უჭერდა ვიეტნამის ომს, აშშ-ის მარცხში ამერიკულ მედიას სდებდა ბრალს და დღემდე ეწინააღმდეგება სამეცნიერო კონსენსუსს კლიმატის ცვლილებაზე;

FAIR დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის გაცხადებული მიზანია, „უზუსტობასთან, მიკერძოებულობასთან და ცენზურასთან“ ბრძოლა და რომელიც მედია-კონგლომერატებს ეწინააღმდეგება. რაც მთავარია, არცერთი ეს ორგანიზაცია არ არის კავშირში არც კომუნიკაციების ფედერარულ კომისიასთან ან სხვა რომელიმე მარეგულირებელთან.

ვინ გააკრიტიკებს მედიას?

23 დეკემბერს მედიაკრიტიკის ფეისბუკის გვერდმა გაავრცელა საიმიჯო ვიდეორგოლი, სადაც სხვადასხვა ადამიანი საუბრობს პროექტისა და მისი საჭიროების შესახებ. მათ შორის არიან:

  • ზვიად ავალიანი, „ობიექტივის“ წამყვანი;
  • რევაზ საყევარიშვილი, „იმედის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე;
  • ია ანთაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი;
  • შორენა შავერდაშვილი, „ლიბერალის“ მფლობელი;
  • ბასა ჯანიკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემა „საუკეთესო წიგნების“ ავტორი და პირველ არხზე შოუს, „ნაშუადღევს“, ერთ-ერთი სექციის წამყვანი;
  • ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი;
  • დავით კაკაბაძე, კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის პროგრამის ხელმძღვანელი;

კომისიიდან „ნეტგაზეთს“ მისწერეს, რომ ამ ეტაპზე „მედიაკრიტიკას“ ჰყავს 2 მუდმივი და 4 მოწვეული ავტორი, თუმცა „ონლაინ-პლატფორმა მზადაა, ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც გაიზიარებს მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსს, რომელიც ჟურნალისტიკის უმთავრესი პრინციპების საფუძველზეა მომზადებული“.

რა პრობლემას ხედავენ წამოწყებაში მედიის სპეციალისტები?

მედიაექსპერტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმით მედიაგამოცდილება და, „რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, წერონ მედიაკრიტიკა, როდესაც ეს ხდება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ქოლგის ქვეშ, ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის“.

ზვიად ქორიძის განმარტებით, პრობლემა ისაა, რომ როდესაც კომისია მედიასაშუალებების კრიტიკას მიჰყოფს ხელს, მედიაპროდუქტის კონტენტის, შინაარსის კრიტიკაში შედის, რაც მის ვალდებულებას არ წარმოადგენს და უფლებამოსილებას სცდება:

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის მარეგულირებელი კომისია. მისი ფუნქცია მკაფიოდაა განსაზღვრული იმ ჩარჩოთი, რომელიც კანონმა დაუდგინა. ეს ფუნქცია იმ პარამეტრების რეგულირებაა, რაც რეგულირებას კანონით ექვემდებარება. მედიის შინაარსი კი არანაირად არ ექვემდებარება რეგულირებას“, – ამბობს იგი,

შესაბამისად, ქორიძეს მიაჩნია, რომ ის სტანდარტი, რასაც კომისია ამ სფეროში გადასვლით, მედიის შინაარსში, მედიაკრიტიკაში, შეფასებაში შესვლით, ქმნის, „ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კანონს, არამედ თავად მარეგულირებელი კომისიის არსებობის სულისკვეთებას“.

ზვიად ქორიძე გვეუბნება: „მარეგულირებელმა კომისიამ არ შეიძლება დაადგინოს, ვინ, როგორ, რანაირად უნდა გააშუქოს ესა თუ ის თემა, ან დაადგინოს სტანდარტი, რომლითაც შეიძლება ელაპარაკოს მედიას, რომ „ეს არის ნორმა და ასე უნდა მოვიქცეთ“… მათ უნდა გაიაზრონ, რომ არ შეიძლება დაიწყონ არც მედიაშინაარსზე მსჯელობა და არც ამ სტანდარტების განსაზღვრა“.

თვითრეგულირებიდან რეგულირებაში?

ამ აზრს იზიარებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე. მეტიც, ის ასეთ საფრთხეს ხედავს:

„ჩვენ ვიცით, რომ მარეგულირებელი კარგა ხანია,ცდილობს, რამენაირად შემოვიდეს მედიის შინაარსის რეგულირებაში, რასაც ქარტია, მედიაკოალიცია და პარტნიორი ორგანიზაციები ხმალამოღებულები ვებრძვით. ჯერჯერობით ეს კანონპროექტი კანონად ვერ იქცა, მაგრამ ამ ახალ განაცხადში ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ ამ ფორმით ცდილობენ, შემოვიდნენ შინაარსის რეგულირებაში, რაც მიუღებელია“.

გიორგი მგელაძე განმარტავს, რომ გულისხმობს 2018 წლის 28 დეკემბერს წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს მთლიანად ცვლის. ამ კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმის მუშაობის პრინციპი იცვლება: თუკი აქამდე მომჩივანი მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში ასაჩივრებდა რაიმეს, ახლა საჩივრის სააპელაციო-საკასაციო ფუნქციებს კომისია და სასამართლო ითავსებენ. კანონპროექტი არ განხილულა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ მას მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს.

[ამ საკითხზე გირჩევთ: მაუწყებლების თვითრეგულირებიდან რეგულირებამდე — კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი]

ზვიად ქორიძე დასძენს: „დღეს ის კეთილი მენტორის როლს მოირგებს, აანალიზებს მედიის პრაქტიკას და ადგენს, „ასე სჯობს და ასე არ სჯობს“, ხვალ კი ამ პრაქტიკას გადაიტანს ნორმატიულ აქტებში, კანონქვემდებარე აქტებში, მოგიბრუნდება და გეტყვის, რომ ეს უნდა შეასრულო ისე, როგორც მე გეუბნები… მათ უნდა გაიაზრონ, რომ ხვალ ასეთი პრაქტიკა უკვე ცენზურად ჩამოყალიბდება“.

რისთვის სჭირდებათ?

სკეპტიკოსები ახალ პლატფორმას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის საშუალებადაც მოიზრებენ, ერთგვარ ალტერნატივად მედიაკრიტიკის იმ პლატფორმებისა, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ მაუწყებლებს.

კომისია პრესრელიზში წერს: „დღეს ქართულ მედიასივრცეში არ არსებობს პლატფორმა, სადაც მიუკერძოებელი და მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებული მედიაკრიტიკის გაცნობის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებას. მედიააკადემიის მიზანი სწორედ ასეთი პლატფორმის შექმნაა, რომელიც იმავდროულად დაეხმარება მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნაში“.

არადა, მედიაკრიტიკის პლატფორმები ქვეყანაში ისედაც არსებობს. მაგალითად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია [ქარტია და არა საბჭო] ამუშავებს პლატფორმა „მედიაჩეკერს“, რომელიც ასეთი პრაქტიკითაა დაკავებული. გიორგი მგელაძე გვეუბნება:

„მედიაკრიტიკის პლატფორმა უკვე არსებობს „მედიაჩეკერის“ სახით და ბოლო წლებია ცდილობს, იყოს მიუკერძოებელი, გააკრიტიკოს როგორც ე.წ სამთავრობო, ასევე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია. ასე რომ, არაფრით დავეთანხმები კომისიას იმ შეფასებაში, თითქოს მიუკერძოებელი და პროფესიონალური მედიაკრიტიკა არ არსებობს“.

„მედიაჩეკერის“ მასალებში მართლაც მოიძებნება ისეთი მასალები, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებს როგორც, მაგალითად, „იმედს“, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე ნიკა გვარამიას დროინდელ „რუსთავი 2-ს“ სხვადასხვა გადაცემის გამო.

ჩვენ კომისიას ვკითხეთ, რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ არსებული პლატფორმები (მაგალითად, ქარტიის „მედიაჩეკერი“) მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებულ მედიაკრიტიკას არ ქმნის, რაზეც გვიპასუხეს:

www.mediacritic.ge-ს აქვს საკუთარი სარედაქციო კოდექსი, რომელიც ვებ-გვერდზე არის გამოქვეყნებული და რომელიც ემყარება მთავარ ჟურნალისტურ პრინციპებს. სხვა რომელიმე პლატფორმაზე ასეთივე გამჭვირვალე და დეკლარირებული სარედაქციო კოდექსი, თუ რის მიხედვით ახდენენ მედიაპროდუქტების კრიტიკას, ამ დრომდე არავის ჰქონია“.

ეჭვქვეშდაყენებული მიუკერძოებლობა

გიორგი მგელაძე კიდევ ერთ საკითხს წამოჭრის: „ორგანიზაცია, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს მედიაკრიტიკას [GNCC], არცერთი ხელისუფლების დროს არ სარგებლობდა ქვეყანაში ავტორიტეტით, რომელიც განაპირობებდა მის მიუკერძოებლობას ხელისუფლებისგან“.

GNCC საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის – მის ბიუჯეტს პარლამენტი/მთავრობა არ ამტკიცებს — მისი ბიუჯეტი დგინდება ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურით.

GNCC-მ „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად მოგვწერა, რომ მედიააკადემია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ დააფუძნა, რომელიც „არ ფინანსდება ბიუჯეტიდან და არის სრულიად დამოუკიდებელი უწყება“; მათი განმარტებითვე, მედიაკრიტიკა მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც აკადემიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომისიის მიმართ ასეთი კითხვები არსებობს: „მიუხედავად იმისა, რომ ის სამართლებრივად სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, მარეგულირებელი კომიასია უახლეს ისტორიაში ყოველთვის ასრულებდა, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო დაკვეთებს“, – ამბობს გიორგი მგელაძე და იხსენებს:

„გასულ წლებში გვინახავს გაუქმებული ლიცენზიები, უსამართლოდ გაფრთხილებული, დაჯარიმებული და შეჩერებული ტელევიზიები და ა.შ. ამიტომ, როდესაც მარეგულირებელი იწყებს მედიაკრიტიკას, გვიჩნდება შიში, ხომ არ იქნება მიკერძოებული ხელისუფლების სასარგებლოდ და ხომ არ იქნება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის არაობიექტური მაკრიტიკებელი“.

თავად კომისია ჩამოთვლილ შიშებს არ იზიარებს: „ვინც ამ თემაზე აკეთებს აქცენტს და ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, უნდა იცოდნენ, რომ მედიაკრიტიკის პლატფორმით კომუნიკაციების კომისიას და მედიააკადემიას თვითრეგულირებაში შეჭრის არც სურვილი და ან რაიმე სახის მექანიზმი არ გააჩნია. მედიაკრიტიკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებს მთავარი შემფასებელი – საზოგადოება შეაფასებს და გააკეთებს დასკვნებს. მედიაკრიტიკის შექმნის მიზანი სწორედ საზოგადოების მიერ ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და, საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა“.

გარეკანის ფოტოკოლაჟისთვის გამოყენებული სქრინშოტები „მედიაკრიტიკის“ ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი