ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორად ლია ჩახუნაშვილი აირჩიეს

1 დეკემბერი, 2023 • 1379
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორად ლია ჩახუნაშვილი აირჩიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლია ჩახუნაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე მარიამ გოგოსაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა ადამიანმა გამოხატა. ნაწილის განცხადებები არასრული იყო. საბოლოოდ, საბჭო ორ კანდიდატს გაესაუბრა – ნოდარ სირბილაძეს და ლია ჩახუნაშვილს. ქარტიაში აცხადებენ, რომ საბჭოს 9 წევრმა მხარი დაუჭირა ლია ჩახუნაშვილს.

ქარტიაში აღნიშნავენ, რომ ლია ჩახუნაშვილმა 15 წლის განმავლობაში იმუშავა საქართველოში USAID-ის მიერ მხარდაჭერილ მედიის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე- რომელთაც IREX ახორციელებდა- პროგრამის ხელმძღვანელის და ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციებზე.

სხვადასხვა დროს წვლილი შეიტანა ამავე სფეროში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (BBC World Service Trust, MDLF, IREX Europe) საქმიანობაში, როგორც პროგრამის დირექტორმა, კონსულტანტმა და მრჩეველმა.

2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედიასკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

ლია ჩახუნაშვილმა ჟურნალისტური განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ).

მასალების გადაბეჭდვის წესი