ახალი ამბები

პარლამენტი: კობახიძე დეზინფორმაციაზე ინიციატივაში GNCC-ის კანონპროექტს გულისხმობდა

24 დეკემბერი, 2019 • 2071
პარლამენტი: კობახიძე დეზინფორმაციაზე ინიციატივაში GNCC-ის კანონპროექტს გულისხმობდა

Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასეულობით ყალბი გვერდის წაშლის შემდეგ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა საკანონმდებლო დონეზე იგეგმება.

“ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. მარტო “ფეისბუკი” ხომ არ არის პრობლემა? პრობლემაა ასევე თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და აგრესია. დეტალებში შევალთ, ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირდებით”, – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 დეკემბერს, ჟურნალისტებთან კომენტარში.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი კობახიძე არა რაიმე ახალი კანონპროექტის ინიცირებას, არამედ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გულისხმობდა. კანონპროექტი ჯერჯერობით პირველი მოსმენით განხილული არ არის.

აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონს მთლიანად ცვლის და “აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და რადიომაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტად აქცევს, არაერთხელ გახდა მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის საფუძველი. კანონპროექტით, მედიის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადადის ის საკითხი, რომ მაუწყებლების ეთერში მოხვედრილი კონტენტი არ შეიცავდეს რასობრივი, ეროვნული, სქესობრივი ან რელიგიური ნიშნით სიძულვილის გაღვივებას, ომისკენ მოწოდებას; არ უნდა იყოს ადამიანის ღირსების შემლახველი და რაიმე ნიშნით დისკრიმინაციული და ა.შ.

GNCC-ის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” მასალა:

მაუწყებლების თვითრეგულირებიდან რეგულირებამდე — კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი