ახალი ამბები

როგორ ტარდება რეფერენდუმი და პლებისციტი – პროცედურა

22 ნოემბერი, 2019 • 7543
როგორ ტარდება რეფერენდუმი და პლებისციტი – პროცედურა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის ხელმძღღვანელი კაკი ზოიძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, პროპორციული სისტემით არჩევნების 2020 წელსვე ჩაატარების თაობაზე აზრი ჰკითხონ ხალხს – რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით. მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ დღეს პასუხი არ აქვს, თუმცა ამ იდეას განიხილავს.

რეფერენდუმი

რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა ფარული კენჭისყრით, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად ტარდება. ეს შეიძლება იყოს საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხები და პრინციპები. რეფერენდუმი შეიძლება, ასევე, მოეწყოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების თაობაზე.

რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება:

  • კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
  • ამნისტიის ან შეწყალების გამო;
  • საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
  • ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას;

საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.

რეფერენდუმი იმართება არაუადრეს ორი თვისა და არაუგვიანეს ექვსი თვისა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებაზე, რეფერენდუმის მოწყობამდე 40 დღით ადრე მასმედიის საშუალებებით აქვეყნებს იმ საოლქო სარეფერენდუმო კომისიების სიას, რომლებსაც დაევალათ შესაბამის ტერიტორიებზე უხელმძღვანელონ რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას.

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მის დადებითად გადაწყვეტას ხმა მისცა კენჭისყრის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით. რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.

რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ფორმალურად რეფერენდუმი ვერ ჩატარდება.

პლებისციტი

პლებისციტი არის ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პლებისციტი ტარდება იგივე პროცედურით, როგორც რეფერენდუმი.


საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

პლებისციტი საქართველოში ჩატარდა 2008 წლის 5 იანვარს. პლებისციტზე გამოტანილი იყო ორი საკითხი, რომელთაგან ერთი პარლამენტის არჩევნების თარიღის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოტანას ეხებოდა, მეორე კი – ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

ზოიძე უმრავლესობაში რჩება და პროპორციულზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი