ახალი ამბები

რა საზღვრებში „მიიერთა“ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები?

4 ოქტომბერი, 2022 • 1183
რა საზღვრებში „მიიერთა“ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები?

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად მიღების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირებას.

სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტები რუსეთის ფედერაციაში 4 ახალი სუბიექტის შესვლის შესახებ.

უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ფსევდორეფერენდუმების შემდეგ, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთში მიღების შესახებ.

დოკუმენტები 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მათი გასაჯაროების მიუხედავად, ბუნდოვანი დარჩა, რა საზღვრებში „მიიერთა“ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

მოსკოვი სრულად ვერ აკონტროლებს უკრაინის ვერც ერთი ოლქის ტერიტორიას, რომლის ანექსიაც გამოაცხადა. დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების მნიშვნელოვანი ნაწილი (ქალაქ ზაპოროჟიეს ჩათვლით) და ასევე, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების მცირე ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. კრემლში შეთანხმებების ხელმოწერის მეორე დღეს უკრაინამ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაიბრუნა და აგრძელებს კონრშეტევას როგორც დონბასის, ისე ხერსონის მიმართულებებით.

გასაჯაროებული შეთანხმებების თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, ისევე როგორც ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიღება ხდება იმ საზღვრებში, რომლებიც არსებობდა მათი „ფორმირების დღეს, რუსეთის ფედერაციაში მიღებისა და რუსეთის ფედერაციის შემადგებლობაში ახალი სუბიექტის ჩამოყალიბების დღეს“.

კრემლის სპიკერს დიმიტრი პესკოვს გაუჭირდა ცალსახა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა საზღვრებში აპირებს რუსეთი ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიას:

„მე გეტყვით ნაკლებად იურიდიულ ენაზე: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა — 2014 წლის საზღვრებში. ხერსონის და ზაპოროჟიეს საზღვრების შესახებ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამ რეგიონების მოსახლეობასთან“, — თქვა მან.

სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო აღმშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ კრაშენინიკოვმა კი თქვა, რომ ზაპოროჟიეს ოლქი რუსეთის ფედერაციის ნაწილი ხდება მის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ხოლო ხერსონის ოლქი — მიკოლაევის რაიონის სნიგირევსკისა და ალექსანდროვსკის ჩათვლით.

2026 წლის 1 იანვრამდე გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი ახალი რეგიონების რუსეთის ეკონომიკურ, ფინანსურ, საკრედიტო და სამართლებრივ სისტემებში და სამთავრობო ორგანოების სისტემაში ინტეგრაციისთვის, ასევე, სამხედრო სამსახურის საკითხის მოსაგვარებლად.

რუსეთის კანონმდებლობა და სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტები ახალ სუბიექტებში მათი მიღების დღიდან უნდა ამოქმედდეს.

ამავდროულად, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნორმატიული სამართლებრივი აქტები არ გამოიყენება, თუ ისინი ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ოფიციალური დოკუმენტები მოქმედებს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე, ან რუსეთის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე.

ზემოაღნიშნული „ხელშეკრულებები“ სრულად ძალაში შედის რატიფიკაციის დღიდან. სახელმწიფო სათათბიროს შემდეგ, უკრაინის ოთხი ოლქის რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად მიღების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება ფედერაციის საბჭოს მიერ 4 ოქტომბერს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი