ახალი ამბები

პუტინმა ხელი მოაწერა კონსტიტუციურ კანონებს უკრაინის 4 ოლქის რუსეთთან მიერთებაზე

5 ოქტომბერი, 2022 • 874
პუტინმა ხელი მოაწერა კონსტიტუციურ კანონებს უკრაინის 4 ოლქის რუსეთთან მიერთებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კონსტიტუციურ კანონებს რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების მიღებისა და ფედერაციის ახალი სუბიექტების ფორმირების შესახებ.

შედეგად, მოსკოვმა დაასრულა რუსეთის ფედერაციაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მიერთების ფორმალური პროცედურები, თუმცა 2026 წლის 1 იანვრამდე გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი ახალი რეგიონების რუსეთის ეკონომიკურ, ფინანსურ, საკრედიტო და სამართლებრივ სისტემებში და სამთავრობო ორგანოების სისტემაში ინტეგრაციისთვის, ასევე, სამხედრო სამსახურის საკითხის მოსაგვარებლად.

პუტინის მიერ დოკუმენტების ხელმოწერას წინ უძღოდა ფსევდორეფერენდუმები დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ფედერალური კრების ორივე პალატის მხრიდან ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციაში მიღების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება და კონსტიტუციური კანონპროექტების მიღება.

ასევე, გამოქვეყნდა განკარგულებები ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად — ლეონიდ პასეჩნიკის, დონეცკის — დენის პუშილინის, ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის — ევგენი ბალიცკის, ხოლო ხერსონის ოლქის გუბერნატორად ვლადიმერ სალდოს დანიშვნის შესახებ.

მოსკოვი სრულად ვერ აკონტროლებს უკრაინის ვერც ერთი ოლქის ტერიტორიას, რომლის ანექსიაც გამოაცხადა. დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების მნიშვნელოვანი ნაწილი და ასევე, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების მცირე ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. უკრაინა აგრძელებს წარმატებულ კონტრშეტევას როგორც დონბასის, ისე ხერსონის მიმართულებებით, სადაც რამდენიმე დასახლება გათავისუფლდა. კრემლში შეთანხმებების ხელმოწერის მეორე დღესვე უკრაინამ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაიბრუნა.

„ზოგიერთი დასახლება ოკუპირებულია უკრაინული ძალების მიერ”, — ამბობს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ხერსონის ოლქში ვლადიმერ სალდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი