ახალი ამბები

ზოიძე უმრავლესობაში რჩება და პროპორციულზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

22 ნოემბერი, 2019 • 2164
ზოიძე უმრავლესობაში რჩება და პროპორციულზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის ხელმძღღვანელი კაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ჩაატარონ რეფერენდუმი ან პლებისციტი, რათა მოხერხდეს, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელსვე ჩატარდეს.

მისი განცხადებით, უმრავლესობის დატოვების ან მასში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორ უპასუხებს „ქართული ოცნება“  ამ ინიციატივას.

ზოიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და პარტიის პოლიტსაბჭოს მიმართა: „მიიღონ ზომები უმოკლეს ვადებში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“.

მისი თქმით, სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება „პრევენციას გაუკეთებს პოლარიზაციას, არ შესძენს ამას შეუქცევად ხასიათს და ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს“.

კაკი ზოიძის თანახმადვე, თითქმის მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება მთლიანად პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, თუმცა ახლა გუნდს ამ ინიციატივას სთავაზობს და იმის მიხედვით, როგორ უპასუხებს ამ ინიციატივას „ქართული ოცნება“, მიიღებს გადაწყვეტილებას [სავარაუდოდ, დატოვების ან დარჩენის შესახებ].

„ჩემი გადაწყვეტილება იყო თითქმის [მიღებული], იცოდა ეს პარტიის ხელმძღვანელობამ ზოგადად პოლიტიკიდან წასვლისა და პარლამენტის დატოვების შესახებ, მაგრამ მე ვხედავ ჩემს ამ მიზანს და ამოცანას ამ ეტაპზე. არ მინდა, ეს ულტიმატუმის ენით ჟღერდეს. ცოტა სასაცილოა, ქვეყნისთვის ასეთ საჭირო თემებზე ერთი ცალკეული დეპუტატის მიერ ულტიმატუმების დაყენება, მაგრამ, უბრალოდ, ჩემს ადგილს ვხედავ იმაში, რომ გავიდე ხალხში, ჩავუდგე კამპანიას სათავეში, რომ დავარწმუნოთ ყველა ადამიანი, რომ პროპორციულ არჩევნებს 2020 წელსვე დაუჭირონ მხარი. ამაში ვხედავ ჩემს როლს და იმ საქმიანობის გაგრძელებაში, რასაც ჯანდაცვის რეფორმა ჰქვია“, — თქვა ზოიძემ პარლამენტში საგანგებო ბრიფინგზე.

„მე არ მიმაჩნია, რომ ის გუნდი უნდა დატოვო, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი, ჩემი პირადი კონსტიტუციისთვის მიუღებელი საქციელია. მე გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, [მაგრამ] ეს შეთავაზება არის. ამ შეთავაზებას თუ მიიღებენ, ეს იქნება, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის სასიკეთო. მიიღებენ- არ მიიღებენ, ამ გადაწყვეტილების მიხედვით მერე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას“, — განაცხადა მან.


წინა კვირას, მას შემდეგ, რაც პარლამენტა პროპორციული სისტემა ჩააგდო, „ქართული ოცნების“ 10-ზე მეტმა პარლამენტარმა დატოვა უმრავლესობა, საპარლამენტო თანამდებობები და პარტია „ქართული ოცნება“.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობის წევრებმა ჩააგდეს კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა დემონსტრაციების განახლება პარლამენტთან, ბოლოს — პარლამენტის პიკეტირება, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლით დაშალა დემონსტრანტები. 37 ადამიანი დააკავეს.

დემონსტრაციები გრძელდება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს პროპორციული წესით ან მოდიფიცირებული გერმანული მოდელით, რომელიც მანდატების გადანაწილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლობეული ფორმულით უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი