თამთა თოდაძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თამარ ლუკავას განცხადებით, პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ აბსურდული სიტუაცია შექმნა.
პროკურორმა თამარ იაკობიძემ სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ბრალდებული დეპუტატისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენება არ გადაწყვიტა. შესაბამისად, მოსამართლემ ჯიშკარიანს 10000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე აუკრძალა თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმის მოწმეებთან კომუნიკაცია.
თუმცა, როგორც ლუკავა განმარტავს, საქმის მოწმეები, ვისთან კომუნიკაციისთვისაც ჯიშკარიანს ყოველ ჯერზე დასჭირდება პროკურატურის შესაბამისი ნებართვები, მისი ბიუროს თანამშრომლები და მეზობლები არიან.
“როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ სამსახურში დასაქმებულ პირებთან კომუნიკაციისთვის სპეციალური ნებართვა რამდენჯერ უნდა გასცეს პროკურატურამ და ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ, ის მოახდენს თუ არა ზემოქმედებას ამ მოწმეებზე?!
აღკვეთის ეს ღონისძიება არ იქნება შემაკავებელი. ამიტომ ვითხოვდით ჩვენ პატიმრობას. შეუძლებელია ვაკონტროლოთ, როდის შეხვდება ის თავის ბიუროს თანამშრომლებს და მეზობლებს, რომლებიც ასევე გამოკითხულები არიან ამ საქმეზე”, – განაცხადა ლუკავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გაიმართა.
ადვოკატის თქმით, პროკურორმა თავის შუამდგომლობაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.
“ჩვენთვის სრულიად გაუგებარია… მაშინ როდესაც პროკურატურა აღნიშნავს, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და აგრეთვე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რატომ არ ითხოვს ის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.
სამწუხაროდ, ამაზე პასუხი მე პროკურატურისგან ვერ მივიღე, თუ რატომ არის წინააღმდეგობაში მათ მიერ გაჟღრებული პოზიცია და მოთხოვნა”, – განაცხადა ლუკავამ.
პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, პროკურატურის შეფასებით, აღკვეთის ეს ღონისძიებები სრულად შეესაბამება დასახული მიზნის მიღწევას – შეკავებას.
“თუ რომელიმე მოთხოვნა დაირღვევა, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს უფრო მკაცრი მოთხოვნით”, – თქვა პროკურორმა და დამატებითი განმარტებების გაკეთებაზე უარი თქვა.
ამავე თემაზე
პატარაიას 3 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეეფარდოს ილია ჯიშკარიანს წინასწარი პატიმრობა