საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს.
ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
მიტროპოლიტი აბრაამი (ერისკაცობაში ამირან მამიას ძე გარმელია) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი იყო.
ბიოგრაფია
ამირან გარმელია დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქალაქ სოხუმში. 1953 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1971 წელს დაასრულა. სასულიერო ცხოვრების დაწყებამდე სხვადასხვა პერიოდში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
1986 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში და სასწავლებელი 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1989 წლის მაისიდან 1990 წლის ივლისამდე სწავლობდა გერმანიაში, ქალაქ რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში.
1988 წელი: 3 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად აბრაამი უწოდა, იმავე წლის 3 აპრილს კი იეროდიაკვნად აკურთხა. 1988 წლის 29 მაისს, თბილისის ანჩისხატის ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი მღვდელმონაზვნად აკურთხა.
1988–1991 წლები: სხვადასხვა დროს იყო დმანისის სიონისა და გელათის მონასტრის წინამძღვარი, ხოლო 1990 წლის 1 სექტემბრიდან 1991 წლის 30 ოქტომბრამდე მსახურობდა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.
1991 წელი: 21 ოქტომბერს მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი, 30 ოქტომბრიდან კი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1992 წელი: 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად აირჩია. ეპისკოპოსად ხელდასხმა იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა.
1995–2002 წლები: 1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. პარალელურად მართავდა გურჯაანისა და საგარეჯოს (1996–1998 წწ.), შემდეგ კი ჭიათურისა და საჩხერის (1998–2002 წწ.) ეპარქიებს, რის შემდეგაც დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველად გამწესდა.
1996 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხი.
1990 წლის სექტემბრიდან აბრაამ გარმელია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კითხულობდა ლექციებს ძველი აღთქმის მიმართულებით. 1993 წლის 19 ივლისს იგი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა.
