სამართალი

ილია ჯიშკარიანი სასამართლომ გაამართლა

20 მაისი, 2022 • 2428
ილია ჯიშკარიანი სასამართლომ გაამართლა

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებასა და ცემაში იყო ბრალდებული, სასამართლომ გაამართლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა მიიღო.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას კანონით დადგენილ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თამთა თოდაძის საქმე – მოკლედ

საუბარია საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო – ამ პერიოდისთვის ილია ჯიშკარიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო მმართველი პარტიის მხრიდან. მისმა მაშინდელმა თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ ჯიშკარიანმა მისი გაუპატიურება სცადა, მას შემდეგ რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია – ჯიშკარიანი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

თოდაძე და მისი ადვოკატები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ იმ ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელიც ქალმა შემთხვევის შედეგად მიიღო. ადვოკატის თქმითვე, სამედიცინო ექსპერტიზა სრულ შესაბამისობაშია თოდაძის მიერ მიცემულ ჩვენებასთან.

წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს ჯიშკარიანი. ყოფილი დეპუტატი ამბობდა კიდეც, რომ – „მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა, ლიბერალებმა”.

ჯიშკარიანს ბრალი პროკურატურამ 2019 წლის 8 ოქტომბერსვე მაწარუდგინა –  სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ცემა. თოდაძე კი დაზარალებულად ცნო. 

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა. სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

პროცესის პარალელურად, თამთა თოდაძე აცხადებდა, რომ მტრულ დამოკიდებულებას გრძნობდა ჯიშკარიანის ადვოკატისგან – მარიკა კუბლაშვილისგან. ამ უკანასკნელმა თოდაძის მისამართით თქვა ფრაზა – „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ”. შემდეგ კი განაცხადა, აღნიშნულ ფრაზაში იმ ადამიანებს გულისხმობდა, რომლებიც მისი მტკიცებით, უსამართლოდ აკრიტიკებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი