არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი”, რომელიც თამთა თოდაძის ინტერესებს იცავს, საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და აკრიტიკებს პროკურატურას, რომელმაც სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, მათ 3 არგუმენტი აქვთ, რის გამოც სექსუალურ ძალადობასა და ადამიანის ცემაში ბრალდებული თავისუფლად მყოფი ჯიშკარიანი, შესაძლოა, საფრთხე იყოს გამოძიების ინტერესებისთვის.
პატარაიას თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე ჯიშკარიანის მხრიდან, რაც მას უკვე გაუკეთებია. პატარაია იხსენებს, როგორ მიუგზავნა ჯიშკარიანმა დაზარალებულ მხარეს, თოდაძის დედას, საერთო ნაცნობი საქმის მოსაგვარებლად.
პატარაიას განმარტებით, ასევე არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი. მისი თქმით, ილია ჯიშკარიანმა უკვე წაშალა დანაშაულის კვალი, როცა თავის ცოლს და თანამშრომლებს დაალაგებინა დანაშაულის სცენა. საუბარია ოფისზე, სადაც თამთა თოდაძის თქმით, ინციდენტი მოხდა. თოდაძის თქმით, პატრული 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა ოფისში, სადაც მისი ცნობით, ინციდენტის ამსახველი გარემო უნდა ყოფილიყო (ნამსხვრევები), პოლიცია ღამის 03:00 საათზე მივიდა, რა დროსაც ოთახი უკვე დალაგებული იყო.
პატარაიას თქმით, წინასწარი პატიმრობის კიდევ ერთი არგუმენტი არის ილია ჯიშკარიანის გავლენები. უფლებდამცველის თქმით, ის არის პოლიტიკოსი, საკრებულოს წევრი და მმართველი გუნდი მფარველობს.
რაც შეეხება ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც წინასწარი პატიმრობის კონტრარგუმენტს, პატარაია ამბობს, რომ საქმეში დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი არცერთი დოკუმენტი არ დევს.
“მისი ჯანმრთელობის შესახებ საქმის მასალებში არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება. ამ 6 დღის განმავლობაში მას რაიმე სერიოზული სამედიცინო პროცედურა არ ჩატარებია. ის მართლმსაჯულებას ემალება საავადმყოფოში”, – აცხადებს პატარაია.
მისი ინფორმაციით, ჯიშკარიანი სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს და ამას ადასტურებს მის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოც, სადაც მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ბაია პატარაია აკრიტიკებს პროკურატურას და დასძენს, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, როცა საგამოძიებო უწყება მძიმე მუხლზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას არ ითხოვს.
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სასამართლოს სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, კლინიკაში გაიმართება. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა აცნობა.
ილია ჯიშკარიანი თბილისის საკრებულოს წევრია მმართველი პარტიიდან. მას საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე ადანაშაულებს ძალადობაში. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა და ჯიშკარიანს ბრალი ორი მუხლით წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ თუ დაცვის მხარეს პროცესის კლინიკაში გამართვა სურს, მათ სასამართლოს უნდა აცნობონ და ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა წარადგინონ.
პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული.