ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2027 წლის თებერვლიდან, უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ქვედა ზღვარი ₾1.5 მლნ ლარის ეკვივალენტამდე იზრდება.

რას ნიშნავს ეს? – დოლარსა და ევროში სესხის აღების ზღვარი იზრდება.

ანუ თუ 1.5 მილიონ ლარზე ნაკლები სესხი გჭირდებათ, უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებთ, სესხი მხოლოდ ლარში გაიცემა (აქამდე ეს ზღვარი 1 მილიონი ლარი იყო).

ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას იპოთეკური და სხვა სესხების აღება მხოლოდ ლარში მოუწევს.

უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვა 2017 წლიდან დაიწყო. მაშინ ქვედა ზღვრად 100 000 ლარი დადგინდა. 100 ათასი ლარი ჯერ 200 ათასამდე, შემდეგ კი ეტაპობრივად 1 მლნ ლარამდე გაიზარდა. მარეგულირებლის არგუმენტი სავალუტო რისკებისგან დაცვა წარმოადგენდა.

ლარის მკვეთრი გაუფასურებით, სესხის შენატანი ნამდვილად ძვირდება, თუმცა უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად დაბალია. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, იპოთეკურ სესხზე ლარში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 11.1%-ს შეადგენს, ხოლო უცხოურ ვალუტაში 7.7%-ს.

ასევე თებერვლიდან ლარში გასაცემი სესხის პირობებიც მკაცრდება. ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც 2000 ლარზე ნაკლები იქნება სესხის მომსახურებაში ყოველთვიურად შემოსავლის 25%-ზე მეტის გადახდას ვეღარ შეძლებენ. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ეს ზღვარი 1500 ლარზე გადის, 1500 ლარის ზემოთ კი 50%-იანი ლიმიტი მოქმედებს. უფრო გასაგებად, ვისი ხელზე ასაღები ხელფასიც 1800 ლარია დღეს მას ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის 900 ლარის შეტანა შეუძლია, 2027 წლის თებერვლიდან კი ვეღარ აიღებს ისეთ სესხს, სადაც თვეში 450 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს.