ახალი ამბები

ჯიშკარიანის მეგობარი მოწმე და საქმის ახალი დეტალები – რა ხდებოდა თოდაძის სხდომაზე

30 იანვარი, 2020 • 2698
ჯიშკარიანის მეგობარი მოწმე და საქმის ახალი დეტალები – რა ხდებოდა თოდაძის სხდომაზე

დღეს, 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმის მორიგი განხილვა გაიმართა. თოდაძე თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ერთი მოწმის, ნინო კვარაცხელიას დაკითხვა მოესწრო. როგორც კვარაცხელიამ თქვა, ის ჯიშკარიანის მეგობარია, მის ბიუროში უკვე წლებია მუშაობს და ადმინისტრაციულ საქმეებს სათავეში უდგას.

დაცვისა და ბრალდების კითხვებზე პასუხისას კი მან თოდაძე კონფლიქტურობაში, ალკოჰოლის სიყვარულსა და უხეშობაში დაადანაშაულა. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნა, რომ თოდაძისთვის “ყოველთვის კარგი უნდოდა და ერთვარი დედა-შვილური ურთიერთობაც კი ჰქონდა.”

დაზარალებულ თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა როგორც მიიჩნევს, მოწმე ნინო კვარაცხელია, რომელიც ბრალდებულს 30 წლის განმავლობაში იცნობს და მეტიც, სამსახურეობრივად მისი ძალაუფლების ქვეშაა, ვერ იქნება სანდო.

მოწმე, რომელიც ილია ჯიშკარიანს 30 წელია იცნობს

სხდომა თამთა თოდაძის საქმეზე პირველ საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 22-ე, მცირე ზომის დარბაზში გაიმართა. საქმის განხილვას თავად დაზარალებული არ ესწრებოდა, თუმცა პროცესზე მოვიდა ბრალდებული ილია ჯიშკარიანი და მისი ორი ადვოკატი, მათ შორის, მარიამ კუბლაშვილიც.

სხდომა მოსამართლეს გეგემის მიხედვით 1 საათს გაგრძელდა, რა დროსაც მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვა მოასწრეს.

„სასამართლოში დარბაზების პრობლემა, როგორც იცით, მწვავედ დგას“, – თქვა მოსამართლემ სხდომის დასრულებისას. და მართლაც, იმ დროისთვის, როდესაც თოდაძის საქმის განხილვა დასრულდა, დარბაზის კართან სხვა პროცესზე დამსწრეთა რიგი უკვე იდგა.

მოწმე კვარაცხელიამ პროცესზე თქვა, რომ დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მეგობრული, თითქმის დედაშვილური ურთიერთობა აქვს, თუმცა, ასევე დასძინა,, რომ ის საკმაოდ კონფლიქტურია და „დალევა უყვარს“.

რაც შეეხება 30 სექტემბრის მოვლენებს, როგორც ნინო კვარაცხელია ამბობს, ამ დღეს ჯიშკარიანთან „განსაკუთრებული სტუმარი“ მივიდა და მათ დალევა გადაწყვიტეს. კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ ჯიშკარიანს ოფისში ალკოჰოლი მუდმივად ჰქონდა, თუმცა თავად ის “გადამთვრალი” არასდროს უნახავს.

კვარაცხელიას ვერსიით, 30 სექტემბრის საღამოს თოდაძე ჯიშკარიანთან და მის სტუმართან ერთად სვამდა და “მეტი მოუვდა”, შემდგომ კი აგრესიულად და უხეშად რამდენჯერმე მოსთხოვა ჯიშკარიანს, მისთვის ანაზღაურება მოემატებინა.

მოწმე ყვება, რომ ანაზღაურების თემაზე საუბარი თოდაძესა და ჯიშკარიანს შორის მანამდეც ყოფილა და ყოველ ჯერზე კონფლიქტით მთავრდებოდა.

შემთხვევის დროს, ნინო კვარაცხელიას განმარტებით, ოფისში თავად არ იმყოფებოდა, თუმცა მისვლისას თოდაძის მაგიდიდან მიმოყრილი პრინტერი და სხვა ნივთები იატაკზე დახვდა, ჯიშკარიანი კი- შეშფოთებული.

ის იხსენებს, რომ პატრულს ეგრევე არ დაუძახეს, ვინაიდან იმედი ჰქონდათ, რომ მეორე დღეს თოდაძე ბოდიშს მოიხდიდა და ზიანს აანაზღაურებდა, ამ უკანასკნელში კი ბიუროს წევრები დაეხმარებოდნენ. როგორც ნინო კვარაცხელია ამბობს, თოდაძე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „ეცოდებოდათ“ და ხშირად ეხმარებოდნენ.

„არანაირი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არსებობს,“ – თოდაძის ადვოკატი

სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა თამთა თოდაძის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ. მისი თქმით, მოწმე, რომელიც ბრალდებულს 30 წელი იცნობს, სანდო ვერ იქნება.

„დღეს დაიკითხა ბიუროს ხელძღვანელი, რომელმაც თავადაც აღნიშნა, რომ მას აქვს 30-წლიანი მეგობრობა ილია ჯიშკარიანთან და მის ოჯახთან, შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება ჩემთვის ნაკლებად არის სანდო.

ასევე, მისი სამსახურის ბედი არის დამოკიდებული ილია ჯიშკარიანის გამართლებასთან. ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მაჟორიტარის უფლებამოსილება წყდება და, შესაბამისად, ბიუროც აჩერებს მუშაობას. აბსოლუტურად ბმაში არის მოწმის სამსახური და დასაქმება ჯიშკარიანის გამართლებასთან“, – ამბობს თამარ ლუკავა.

ლუკავამ ასევე განმარტა, რომ საკრებულოდან გამოითხოვეს ინფორმაცია ილია ჯიშკარიანის ბოლო თვეების აქტივობის შესახებ. ადვოკატი ამბობს, რომ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯიშკარიანის ბიუროს ბოლო 2 წელიწადში დაახლოებით, 500-მა ადამიანმა მიმართა, დეპუტატმა მათგან მხოლოდ 70-ს გაუწია შუამდგომლობა საკრებულოს სახელით.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯიშკარიანს ეზღუდება მოწმეებთან კომუნიკაცია, შესაბამისად, მის ოფისში მისვლაზე შეზღუდვები არსებობს.

„აქედან გამომდინარე, კარგად გამოჩნდა, რომ როდესაც ჯიშკარიანი უთითებს სასამართლოში, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე მიმართავს მის ბიუროს და ბევრი მოქალაქე ზიანდება, ეს არის სიცრუე“ ,- დასძენს ადვოკატი.

რაც შეეხება სხდომის დროს ნახსენებ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლუკავა ყვება, რომ არსებობს კვლევა, რომლის თანახმადაც, თოდაძის არ აქვს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა.

„დაცვის სტრატეგიაა ამაზე აპელირება“, – მიიჩნევს თოდაძის ადვოკატი.

„მოწმემ დაადასტურა ის გარემოებები, რომლებზეც დაცვის მხარე აპელირებს“ – მარიკა კუბლაშვილი

მოწმის ჩვენებას დადებითად აფასებს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიკა კუბლაშვილი. ის ამბობს, რომ ქალმა დაადასტურა ყველაფერი, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა.

„მან დაადასტურა ის გარემოებები, რომლებზეც დაცვის მხარე აპელირებს, დაადასტურა ის ჩვენება, რომელიც მას წინასწარი გამოძიებისთვის ჰქონდა მიცემული… ხაზი გაუსვა თამთა თოდაძის ხასიათს, მის კონლფიქტურობას“, – ამბობს კუბლაშვილი.

ის ასევე დასძენს, რომ თოდაძემ საკრებულოსგან ჯიშკარიანის აქტივობების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, რაც კუბლაშვილის თქმით, ადასტურებს, რომ მას საქმის პოლიტიზება სურს.

„5 თებერვალს მომდენო სხდომა ჩაინიშნა, დაიკითხება მეორე მოწმე – ბიუროს თანამშრომელი და ამის შემდგომ უკვე შევიტანთ შუამდგომლობას, რომ აკრძალვა, რომელიც საკუთარ თანამშრომლებთან მიახლოებას ეხება, გაუქმდეს და ბიურომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, – დასძენს კუბლაშვილი.

გარეკანი ფოტო: ილია ჯიშკარიანი და მარიკა კუბლაშვილი. 


თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელ თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმესთანდაკავშირებით. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა. სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი  ფიზიკურად გაუსწორდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 2020 წლის 5 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი