სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის წერილი ვრცელდება, სადაც ის წერს მისთვის კომუნიკაციის აკრძალვაზე, მათ შორის, ოჯახთან, მოტივით, რომ გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის რისკი არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, სადაც მას სასამართლოს არქივის შენობაში ცეცხლის გაჩენას ედავებიან, როგორც თავად ელისაშვილი და მისი ადვოკატები, ისე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებენ, რომ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას პროკურატურა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს.
ელისაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„პროკურატურა მიიჩნევს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან შეხვედრით, შესაძლოა ძაღლზე, ცუგაზე, ზეწოლა მოვახდინო.
უკვე ერთი წელია, მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფს აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან ნებისმიერი კომუნიკაცია: ვერ ვრეკავ, წერილს ვერ ვაგზავნი, შვილებს ვერ ვხვდები. პროკურატურა ამ შეზღუდვას ყოველ ორ თვეში ერთხელ მიგრძელებს, მოწმეზე ზეწოლის თავიდან აცილების მოტივით. თუმცა, ჩემს საქმეში მოწმე არ არსებობს — არის მხოლოდ ძაღლი, ცუგა. (ისიც საკითხავია, ეს ძაღლი რეალურად არსებობს თუ არა).
უფრო გასაგებად: ერთ საქმეზე, რომელზეც უკვე 13 წელი მომისაჯეს, განაჩენი დამდგარია. შესაბამისად, შეზღუდვების გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს.
მეორე, აბსურდულ საქმეზე კი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ შეკერეს, სასამართლო პროცესები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. თუმცა, სწორედ ამ საქმეს იყენებენ ჩემთვის კომუნიკაციის აკრძალვის გასაგრძელებლად. სასამართლოები ამ საქმეზე არ ტარდება, თუმცა შეზღუდვები გრძელდება, რომ მოწმეზე ზეწოლა არ მოვახდინო.
ვიმეორებ, მოწმე მხოლოდ ოთხფეხა ძაღლია, რომლის არსებობაც კიდე საკითხავია.
ამავე დროს, გლდანის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე ბრალდებული პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოდის, მე შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ ძაღლზე ზეწოლა არ მოვახდინო, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის წამების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რომელთაც ათობით შესაძლო მოწმესა და მნიშვნელოვან ვიდეომტკიცებულებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლებაში ყოფნის უფლებას აძლევენ
საქართველოს პროკურატურა, საინტერესოა, რა სტანდარტით ხელმძღვანელობთ, როდესაც აგრძელებთ ჩემი უფლებების შეზღუდვას იმ მოტივით, რომ შვილებთან შეხვედრით, თანაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან, შესაძლოა, ძაღლზე ზეწოლა მოვახდინო, მაშინ როცა თავისუფლებაში ტოვებთ ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთაც უმარტივესად შეუძლიათ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში მოწმეებზე ზემოქმედებაც და მტკიცებულებების განადგურებაც. იქნებ, განმიმარტოთ ეს ორმაგი სტანდარტი“, — წერს ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდებული ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან. ამ საქმეს ის შეკერილს უწოდებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკვე მსჯავრდებულია და 13-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის დამნაშავედ ცნეს 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში.
წაიკითხეთ ამავე თემაზე:
