ახალი ამბები

“ძალიან არასწორი განცხადება” – პატარაია ოპოზიციის მიერ წულაიას მხარდამჭერ განცხადებას აკრიტიკებს

22 აპრილი, 2021 • 1118
“ძალიან არასწორი განცხადება” – პატარაია ოპოზიციის მიერ წულაიას მხარდამჭერ განცხადებას აკრიტიკებს

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას აკრიტიკებს. როგორც პატარაიამ “ნეტგაზეთთან” განმარტა, აღნიშნული განცხადება დისკრიმინაციულია ქალი მსხვერპლების მიმართ.

“გამოდის, რომ პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, რომ საკმაოდ სერიოზულ დანაშაულში, სექსუალურ ძალადობაში მხილებული პოლიტიკოსი არ იყოს პატიმრობაში. აბსოლუტურად გაუგებარია, რა მოთხოვნაა ეს. ძალიან დისკრიმინაციულია ეს მოთხოვნა ქალების მიმართ და არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ილია ჯიშკარიანი არ არის პატიმრობაში. ილია ჯიშკარიანი რომ არ არის პატიმრობაში, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ გოგი წულაიაა პატიმრობაში. სინამდვილეში ორივე უნდა იყოს დაპატიმრებული”, – განმარტა პატარაიამ.

მისი თქმით, გოგი წულაიას წინააღმდეგ არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის ჩანაწერები, სადაც ის “ყველაფერს აღიარებს”. პატარაია განმარტავს, რომ სიცრუეა ოპოზიციის არგუმენტი, თითქოს 138-ე მუხლით ადამიანებს არ აკავებენ.

ამასთან, პატარაიას თქმით, წულაიას შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის საფუძვლები არსებობდა, რადგან “ცნობილი და გავლენიანი ადამიანია და ძალიან მაღალია რისკი, რომ ზემოქმედებას მოახდენს მსხვერპლზე”.

“გამოდის, ოპოზიცია ამბობს, რომ კაცი, რომელმაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება ჩაიდინა, არ უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. რას ნიშნავს ეს? რატომ არ უნდა იყვნენ ის კაცები წინასწარ პატიმრობაში, რომლებმაც ასეთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს. ან რატომ უნდა იყოს გოგი წულაია პრივილეგირებული და არ იყოს დაკავებული. პოლიტიკოსებს ეპატიებათ სექსუალური ძალადობა? თუ რადგან თავის დროზე აპატიეს და არ მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა [ილია ჯიშკარიანის შემთხვევაში] და მიკერძოებულად მოიქცა პროკურატურა, ახლა სწორია, რომ ყველასთან მიკერძოებულად მოიქცეს?

ეს არის ძალიან არასწორი განცხადება. ამაზე არასწორი განცხადება რა შეიძლება გაეკეთებინათ პოლიტიკურ პარტიებს, მე არ ვიცი. ისინი ითხოვენ, რომ სექსუალური ძალადობის ჩამდენი და ბრალდებული ადამიანები არ მიეცნენ პატიმრობაში. ეს წარმოუდგენელია. თუ გულისხმობენ, რომ მაინცდამაინც გოგი წულაია არ უნდა მიეცეს პატიმრობაში და სხვა კაცები უნდა მიეცნენ, ესეც წარმოუდგენელი ამბავია”, – განაცხადა პატარიამ.

20-ზე მეტმა პარტიამ, მათ შორის, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და სხვებმა გოგი წულაიას მხარდამჭერი განცხადება დღეს, 22 აპრილს გაავრცელეს. მათი თქმით, საქმეში პოლიტიკური ქვეტექსტი ნათლად ჩანს.

ამჟამად წულაია წინასწარ პატიმრობაშია, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

მან მარტში ციხიდან განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ “ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმარია” და ოპოზიციას მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

“იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენს მეგობრებთან [დასავლეთში], თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში , პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს. რა ვიცი, რა ვიცი”, – მისწერა წულაიამ ოპოზიციას.

რაც შეეხება ილია ჯიშკარიანს, მას 2019 წელს, საკრებულოს დეპუტატობისას, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 2019 წლის 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

პარტიების განცხადება სრულად ნახეთ აქ:

“ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემ მხარდასაჭერად” — წულაია ოპოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი