ახალი ამბები

კლინიკამ ილია ჯიშკარიანის დიაგნოზი დაასახელა

11 ოქტომბერი, 2019 • 2537
კლინიკამ ილია ჯიშკარიანის დიაგნოზი დაასახელა

ილია ჯიშკარიანის ექიმი საკრებულოს დეპუტატის დიაგნოზს ასახელებს. ექიმის თქმით, ბრალდებულ დეპუტატს კორონარული სინდრომის გამწვავება აღენიშნება, რის გამოც კლინიკამ სასამართლოს რეკომენდაციით მიმართა, ჯიშკარიანს “ნიუ ჰოსპიტალი” არ დაეტოვებინა.

“ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება, რაც გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას განაპირობებს.  მისი სრული დიაგნოზია კორონარული სინდრომის გამწვავებაა. რაც შეეხება იმას, თუ როდის დატოვებს კლინიკას, სავარაუდო თარიღად შემიძლია გითხრათ 2-3 დღე, მაგრამ  ახალი გარემოების პირობებში, ჩვენი მიდგომა შეიცვლება. სასამართლოს მიმართ რეკომენდაცია იყო, რომ პაციენტი [კლინიკის] ტერიტორიაზე უნდა იყოს, რადგან ჰოსპიტალიზაციის პირობებში საავადმყოფოს დატოვების რეკომენდაციას ვერ გავცემდით”,-ამბობს ექიმი გიორგი კორძახია.

მწვავე კორონარული სინდრომის სიმპტომები ნიუ ჰოსპიტალსის ვებგვერდის მიხედვით

მწვავე კორონარული სინდრომი ვითარდება გულის კუნთში სისხლის მიწოდების უცაბედი შეწყვეტის გამო. სინდრომის სიმპტომები ინფარქტის დროს აღწერილი ტკივილი ან არასტაბილური სტენოკარდიის დროს დატვირთვის შემდეგ გულმკერდის არეში დაჭიმულობის შეგრძნებებია

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ხდებოდა აქამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროება, ექიმი პასუხობს, რომ დიაგნოზი მხოლოდ ილია ჯიშკარიანის ნებართვის შემდეგ გასაჯაროვდა:

ორგანიზაცია “საფარის” წარმომადგენელი ბაია პატარა ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი არცერთი დოკუმენტი არ დევს:

“მისი ჯანმრთელობის შესახებ საქმის მასალებში არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება. ამ 6 დღის განმავლობაში მას რაიმე სერიოზული სამედიცინო პროცედურა არ ჩატარებია. ის მართლმსაჯულებას ემალება საავადმყოფოში.”

მისი ინფორმაციით, ჯიშკარიანი სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს და ამას ადასტურებს მის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოც, სადაც ის მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ბაია პატარაია აკრიტიკებს პროკურატურას და დასძენს, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, როცა საგამოძიებო უწყება მძიმე მუხლზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას არ ითხოვს.

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სასამართლოს სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, კლინიკაში გაიმართება. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა აცნობა.


თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

როგორ თამთა თოდაძე ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და „ცრუ ბრალდებას“ უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი