ახალი ამბები

თოდაძე კუბლაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივის

24 იანვარი, 2020 • 1620
თოდაძე კუბლაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივის

თამთა თოდაძე მარიამ კუბლაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივის. მარიამ კუბლაშვილი სასამართლოში სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს.

ამ თემაზე დღეს „საფარიში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ საჩივრის მიზეზი კუბლაშვილის საჯარო განცხადებებია.

„თამთა თოდაძე „საფართან„ ერთად უჩივის მარიამ კუბლაშვილს, რომელიც გახლავთ, ჯიშკარიანის ადვოკატი და უნდა ითქვას, რომ არცთუ ისე ხშირია, როდესაც ჩვენ ეთიკის კომისიაში საშივარი შეგვაქვს ადვოკატის წინააღმდეგ.

ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ კუბლაშვილის არაერთი განცხადება იყო იმდენად შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი თამთას მიმართ, რომ ის ცდება ადვოკატთა ეთიკის ფარგლებს, არღვევს მას და ამიტომ, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

თამთა თოდაძე აპირებს, საჩივრით მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, მის საქმეში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატის – მარიამ კუბლაშილის წინააღმდეგ, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ მოთხოვნით“, – ამობს პატარაია.

„საფარი“ ამბობს, რომ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თვეების მანძილზე აქტიურად მიმოიხილავს, ასაჯაროებს და აკომენტარებს ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის საქმის ცალკეულ დეტალებს ტელევიზიებში, ინტერნეტ- გამოცემებში, სოციალურ ქსელ facebook-ზე, თავის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებში.

“ამ გზით მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძეს, როგორც დაზარალებულს, არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინა, დაემუქრა. სავარაუდოდ, ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძის მიმართ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, დაარღვია/არ შეასრულა “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გ პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ადვოკატს ევალება, არ შელახოს როგორც სასამართლოს, ისე პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები“, – ნათქვამია „საფარის“ განცხადებაში.


თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელ თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმესთანდაკავშირებით. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი  ფიზიკურად გაუსწორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი