„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას ქცევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სასამართლოს თავმჯდომარის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის, ისე სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით.
ბარამიძის თქმით, ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას:
- თავმჯდომარემ საერთოდ გამოტოვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რომელზეც უნდა გარკვეულიყო, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული სარჩელზე დართული ერთადერთი „მტკიცებულება“ — პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რამდენად რელევანტურია ამ ე.წ. მტკიცებულების დიდი ნაწილი განსახილველ დავასთან დაკავშირებით;
- თავმჯდომარემ არაერთხელ შეზღუდა მოპასუხე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები მოსარჩელის წარმომადგენლებისათვის. ამით დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და, ამასთან, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცესუალური წესები;
- თავმჯდომარე სხდომის მიმდინარეობისას იყენებდა მოსამართლისთვის შეუფერებელ და არაპროფესიულ გამონათქვამებს, მათ შორის: „თქვენ ცრუობთ“, „უზრდელი ხართ“ და სხვა. ასეთი დამოკიდებულების ფონზე მან ჯერ მოახდინა ნიკა გვარამიას პროვოცირება საპასუხო არანორმატიულ გამონათქვამებზე და საბოლოოდ, იგი სხდომიდან გააძევა ისევ არასაპროცესო და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებით: „გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი“.
„ნებისმიერ ცივილიზებულ სასამართლოში მოსამართლის ფუნქციაა არა მხარეთა მიმართ საკუთარი გაღიზიანების გამოხატვა, არამედ პროცესის მიუკერძოებლად, ღირსეულად და კანონით დადგენილი წესების დაცვით წარმართვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებს“, – წერს ბარამიძე.
ბარამიძეს მიაჩნია, რომ ამ გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს რევაზ ნადარაიას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის ინიცირება შეუძლია მის უხუცეს მოადგილეს. ამჟამად ეს არის სერგო მეთოფიშვილი.
„ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ ნიკა გვარამიას პარტიამ მიმართოს განცხადებით სერგო მეთოფიშვილს და მოითხოვოს რევაზ ნადარაიას მიერ მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის საკითხის შესწავლა და კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაწყება. არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართვას მოჰყვება სათანადო რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ მეთოფიშვილი საკითხს მსვლელობას არც კი მისცემს ან თუ მისცემს, საკითხი არ დასრულდება ბატონი ნადარაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებისათვის კანონით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი გამოყენებული იყოს“, — აცხადებს ბარამიძე.
ასეთი მიმართვა და მასზე მიღებული გადაწყვეტილება, ან გადაწყვეტილების მიუღებლობა, ბარამიძის აზრით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შემდგომი საჩივრის მომზადებისას, მათ შორის, იმის საჩვენებლად, თუ რა საშუალებები იქნა გამოყენებული სასამართლო პროცესის სამართლიანობისა და მხარეთა საპროცესო უფლებების დასაცავად.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან, რომელზეც პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავენ, გააძევეს.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კოალიცია „ახალის“ რამდენიმე კითხვა მოხსნეს იმ მოტივით, თითქოს კითხვები მეორდებოდა, რაც გვარამიასა და პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შორის კამათში გადაიზარდა. გვარამიამ თქვა, რომ სასამართლო ეხმარება მოსარჩელე მხარეს, როცა არც მტკიცებულებები გამოიკვლია და კითხვა-პასუხის რეჟიმიც ფაქტობრივად გააუქმა.
