ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან მუხთარლიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო

23 სექტემბერი, 2019 •
აფგან მუხთარლიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო

აზერბაიჯანის კოლონიაში მყოფმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ შიმშილობა ორი დღის წინ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა ფეისბუკზე ავრცელებს.

მუსტაფაევა წერს, რომ მუხთარლი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულია, “რაც ნიშნავს, რომ ის ცალკე კამერაში გადაიყვანეს“ და მეორე დღეა, შიმშილობს. მისივე განცხადებით, მუხთარლის დიაბეტი აქვს, შესაბამისად, შიმშილობა მისი სიცოცხლისთვის სარისკოა.

“გარდაცვალების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ხელისუფლებას, ვინაიდან ის გაიტაცეს და არალეგალურად გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ინსტრუქციებით,“ – ამბობს მუსტაფაევა. 


აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. იგი ამ ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ გაიტაცეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

ამავე თემაზე:

მუხთარლის უკრძალავენ ახლობლებთან შეხვედრას და პოლიტიკური შინაარსის წიგნების კითხვას

მასალების გადაბეჭდვის წესი