ახალი ამბები

აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წელი მიუსაჯა

12 იანვარი, 2018 • 3090
აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წელი მიუსაჯა

ავტორი: ifact.ge


საქართველოდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისიდან 29 მაისის საღამოს გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს საზღვარზე გადასცეს.

მუხთარლის აზერბაიჯანის მთავრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიდა, რის გამოც ბოლო 3 წლის მანძილზე თბილისში ცხოვრობდა. საქართველოში ცხოვრების დროსაც მუხთარლი ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებდა.

ბალაკანის სასამართლოს დარბაზში მოსამართლემ მუხთარლის საბოლოო სიტყვის უფლება მისცა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, რადგან თავის სიტყვას ყველგან იტყვის სიცოცხლის ბოლომდე.

აფგან მუხთარლი, ფოტო: აიდან იუსიფი 12.01.2018

“ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიბრძოდი უკანონობის წინააღმდეგ. საქართველოში ცხოვრებისას ჩემი ყოველი ნაბიჯი კონტროლდებოდა აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ. უკეთესი იქნებოდა, ჩემს თვალთვალში დახარჯული თანხები მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიემართათ,” – განაცხადა მუხთარლიმ საბოლოო სიტყვაში.

“მე გამიმართლა, რადგან სხვა ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ადრე დაუკავებიათ, უარეს ვითარებაში აღმოჩენილან- ან უწამებიათ, ან მოუკლავთ. პირველად შემეშინდა, როცა საზღვარზე გადამიყვანეს, მეგონა, რომ მომკლავდნენ.

დაზარალებულისა და თქვენ მიერ დაქირავებული პროკურორების მსგავს ადამიანებს არ შეუძლიათ, ჩვენი ხმა გადაფარონ. ჩვენ არ ვწერთ იმისთვის, რომ ალიევის დინასტიას ვებრძოლოთ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხალხს იმედი მივცეთ და ამ იმედს მათ ვერ წაართმევთ.”

მუხთარლის ადვოკატებმა მოსამართლეს სასჯელის შემცირება სთხოვეს, ვინაიდან მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პროკურორმა ამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს ბავშვების დაბადების მოწმობები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მუხთარლის უდანაშაულობას დაადასტურებდა. ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ყურადღება გაამახვილა მუხთარლის დაკითხვის ოქმებზე. არცერთ ოქმს არ აქვს ბრალდებულის ხელმოწერა და განმარტება, თუ რატომ არ მოაწერა ხელი მუხთარლიმ.

ადვოკატების ვარაუდით, პოლიციას ბრალდებულისთვის ეს ოქმები არც კი უჩვენებია. მეორე საკითხი, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა, იყო მოწმეების ჩვენებები, რომლებიც რიგ შემთხვევებში ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა და პროკურატურის დაწერილს უფრო ჰგავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი